შპს „ვარციხე“ გაიყიდა

დრო: 2013-12-13 00:00:00

სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს”   მიერ მიმდინარე წლის 10  დეკემბერს განხორციელდა შპს ,,ვარციხის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  100%-იანი წილის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება.

საწყისი საპრივატიზებო საფასური  შეადგენდა 1 340 000 ლარს, ხოლო ბიჯი 10 000 ლარს. ელექტრონულ აუქციონში ორი კონკურენტი კომპანია მონაწილეობდა. ვაჭრობის პროცესში  გამარჯვებულმა   ,,შპს დუგლაძეების ღვინოების კომპანიამ“ ყველაზე მაღალი ფასი დააფიქსირა და იგი დასრულდა 67  ბიჯით. საბოლოოდ, საპრივატიზებო თანხამ შეადგინა  2 010 000   ლარი.  
ასევე, გამარჯვებულმა კომპანიამ  იკისრა შემდეგი ვალდებულებები:

ა) საწარმოსათვის არსებული პროფილის სრულად  შენარჩუნება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 25 (ოცდახუთი) წლის ვადით.
ბ)  მყიდველის მიერ შპს ,,ვარციხეში“   არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება   შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან  24  (ოცდაოთხი)  თვეში.