ქობულეთში ახალი საწარმო აშენდება

დრო: 2016-08-18 00:08:00

კომპანია „ენ-ეიჩ-ელ 43“ ქობულეთში დაბა ოჩხამურში მაკარონის, პურ-ცომეულისა და საკონდიტრო ნაწარმის გამომშვებ საწარმოს შექმნის. პროექტს სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოს ფარგლებში დაეჭირა მხარი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ენ-ეიჩ-ელ 43“-ს 40 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2 ერთეული შენობა-ნაგებობა გადასცა. საწარმოს მშენებლობა და წარმოების დაწყება ინვესტორებმა არაუმეტეს 2 წლის ვადაში უნდა უზრუნველყონ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ 320 000 ლარს შეადგენს.

შპს „ენ-ეიჩ-ელ 43“ წლის განმავლობაში 2160 ტონა სპაგეტის, მაკარონის, ვერმიშელის, ატრიას და 1560 ტონა პურის, ცომეულის და სხვა საკონდიტრო პროდუქტის წარმოებას შეძლებს. საწარმოში ჯამში 160 ადამიანი დასაქმდება. კომპანია სამომავლოდ თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანას აპირებს.