კონკურსის შედეგად სააგენტოს 7 ახალი თანამშრომელი შეემატა

დრო: 2014-01-15 00:00:00

სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში კონკურსის გამოცხადება სხვადასხვა თანამდებობებზე 2013 წლის თებერვლიდან დაიწყო და  ამავე წლის დეკემბერში დასრულდა.
კონკურსის მსვლელობას კოორდინაციას უწევდა სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ხათუნა გვილავა, ხოლო გადაწყვეტილებებს სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია იღებდა, რომლის შემადგენლობაც, გარდა კომისიის თავმჯდომარისა, საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე პერიოდულად იცვლებოდა.
წინასწარ შედგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტოში 95 პოზიციაზე  გამოცხადდა კონკურსი და განთავსდა საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე hr.gov.ge-ზე. დაინტრესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეგზავნათ თავიანთი CV და თითოეული პოზიციისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიეღოთ მონაწილეობა კონკურსში.  ვაკანტურ პოზიციებზე შემოვიდა 7940 განაცხადი. კონკურსის პირველ ეტაპზე მოხდა კანდიდატების შერჩევა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო შემდეგ გასაუბრებაზე/ტესტირებაზე დაბარებული იყო 1954 შერჩეული კანდიდატი, აქედან  მომსახურების ცენტრებში გასაუბრებაზე დაბარებული იყო 288 კანდიდატი. კონკურსის ბოლო ეტაპი ითვალისწინებდა  არჩეული კანდიდატების გასაუბრებას სააგენტოს თავმჯდომარესთან. 
საბოლოო შედეგით, კონკურსის წესით დაინიშნა 165 არსებული თანამშრომელი, 3 თანამშრომელი დაწინაურდა და აყვანილ იქნა 7ახალი თანამშრომელი. 9 კონკურსი, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა საკონკურსო ზღვარი ვერ გადალახა, ჩაშლილად გამოცხადდა.
კონკურსის თაობაზე კომენტარი გააკეთა ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა და კომისიის წევრმა ხათუნა გვილავამ: „ამ პროცესის გავლა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების გამო სავალდებულო გახდა, იმ თანამდებობებზე რომლებზეც პირები მოვალეობის შემსრულებლებად იყვნენ დანიშნულნი 2014 წლის პირველ იანვრამდე კონკურსის წესით უნდა შევსებულიყო.  კონკურსში მონაწილეობის მსურველთა სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სამეგრელოსა და კახეთის მომსახურების ცენტრებში კონკურსანტების აქტივობა  დაბალი იყო.  კონკურსი  ჩატარდა კანონით გათვალისწინებულ ვადებში,რის შედეგად, სააგენტოში 2014 წლის პირველი იანვრისთვის ყველა თანამშრომელი კონკურსის წესით დაინიშნა“.