თბილისში რეგიონული ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დრო: 2016-09-19 00:09:00
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარებულ რეგიონულ ბიზნეს ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა და დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.
ღონისძიება 16 სექტემბერს სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორში“ გაიმართა და მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 200-ზე მეტი მეწარმე დაესწრო. ფორუმს ასევე ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები და სამთავრობო უწყებების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა, შემდეგ კი მეწარმეებს სიტყვით პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართა.
სააგენტოს თავმჯდომარემ ფორუმის წარმომადგენლებს წარუდგინა პრეზენტაცია სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზებასთან, სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებთან და რეფორმებთან დაკავშირებით. პრეზენტაციის შემდეგ თითოეულ მეწარმეს საშუალება ჰქონდა პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ემსჯელა.