„50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“
დრო: 2016-09-23 00:09:00
2016 წლის 20 სექტემბერს პირველმა ვიცე–პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს სექტორს წარმოუდგინა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები.ტურიზმის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. აღნიშნული პროექტი, ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შემუშავდა.
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ რამდენიმე მიმართულებისგან შედგება:
• 50 ქონება შენი სასტუმროსთვის;
• ადგილები გზებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად;
• ადგილები გადასახედი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად;
სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ტურისტული მიმართულებების გათვალისწინებით შერჩეული იქნა 50 სახელმწიფო ქონება სასტუმრო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. შერჩეული ქონებების შესახებ ინფორმაცია სრულად წარმოდგენილია სააგენტოს ვებ-გვერდსwww.nasp.gov.ge
ბოლო წლების განმავლობაში ტირისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. ტურისტების გაზრდილი ნაკადი საფუძველს ქმნის გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. პროექტში „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ წარმოდგენილია ტურისტულად აქტიურ მიმართულებებზე არსებული მიწის ნაკვეთები, როგორიცაა თბილისი-გომბორი-თელავის გზა, სტეფანწმინდა, გუდაური, რაჭა და ახალციხე. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და ახლო მომავალში ასევე შემოთავაზებული იქნება სხვა ლოკაციები.
აღნიშნული პროექტი, ასევე მოიცავს ადგილებს გადასახედი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, სადაც მოცემულია პოპულარული ტურისტული მიმართულებები, როგორიცაა ნაქერალას უღელტეხილი რაჭაში, „აბანოს გადასახედი“ თუშეთის მიმართულებით, ცხრაჯვარის, გოდერძის და გომბორის უღელტეხილებზე არსებული გადასახედები.