ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საწარმოებში ახალი შეფასების სისტემები და რისკების განსაზღვრვის მეთოდოლოგია შეიმუშავა
დრო: 2014-01-27 00:00:00
2013 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში კონტროლის მექანიზმის სრულყოფის, ფინანსური მდგომარეობის ანალიზის და ბიზნესის განვითარების სტრატეგიული გეგმების შემუშავების მიზნით ანალიტიკური დეპარტამენტი შეიქმნა.
ამჟამად სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული 431 საწარმოა, რომლებიც შემდეგ სფეროებში ახორციელებენ საქმიანობას: სამედიცინო მომსახურება, ტრანპორტი, კომუნიკაციები, სამშენებლო სერვისები, ტურიზმი/სასტუმრო მოსახურება და უძრავი ქონების მართვა.
საწარმოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილია კომპანიათა სიცოცხლისუნარიანობის დადგენა ისტორიული/მიმდინარე ფინანსური მაჩვენებლების და აქტივების ბაზის ანალიზის საფუძველზე, სახელმწიფო საწარმოთა შეფასება მათი შემდგომი რეორგანიზაციის მიზნით, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საწარმოების და აქტივების შერჩევა, რომლებიც დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში განუსაზღვრელი ვადით. ასევე გამიზნულია იმ არასტრატეგიული გადახდისუნარიანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების შერჩევა, რომელთაც შეიძლება ჩაუტარდეს პრივატიზაციის ან რეორგანიზაციის პროცედურები.
ერთ-ერთ მთავარ სიახლეს ფინანსური რისკების განსაზღვრის კუთხით შეფასების სპეციალური მატრიცის შემუშავება წარმოადგენს. ახალი მატრიცის მიხედვით, განისაზღვრა ფინანსური რისკების კატეგორიები, მათი შეფასების კრიტერიუმები და შემუშავდა გადაწყვეტილებების მიღების შაბლონი და ინსტრუქცია, რაც მნიშვნელოვნად გაადვილებს ანალიზს და გააუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ხარისხს. მოხდა არსებული საწარმოების კატეგორიზაცია რისკების ჯგუფების მიხედვით და დაინერგა მონიტორინგის სისტემა, რომლის საფუძველზე კლასიფიცირებულ კომპანიებში, პერიოდულად ჩატარდება ფინანსური მდგომარეობის გადამოწმება და რისკების შეფასება.
ანალიტიკურმა დეპარტამენტმა ასევე შეიმუშავა საწარმოებიდან ინფორმაციის შეგროვების შაბლონი და ინსტრუქცია. აღნიშნული დოკუმენტები საწარმოებისგან მოწოდებული ფინანსური ინფორმაციის სტანდარტიზაციას, სრულყოფას და ხარისხიანი ფინანსური ანალიზის ჩატარების პროცესის გაადვილებას ემსახურება. დეპარტამენტმა შაბლონის გასაცნობად თბილისში, ქუთაისსა და გორში სამი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს 71 საწარმოს წარმომადგენლები და ფინანსური მენეჯერები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების აქტივების ტესტირებამ აჩვენა, რომ არსებული პორტფელის უმეტესი ნაწილი საჭიროებს აქტივების გადახედვას IFRS-ის მეთოდით ხარისხის, მართვისა და გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად. ამისთვის შემუშავებულ იქნა კომპანიების მიერ საკუთარი აქტივების IFRS სტანდარტის გამოყენებით გადაფასების სტრატეგია, კერძოდ: ადაპტირდა გადაფასების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო, მოხდა გადაფასების შედეგების პირველადი ანალიზი და მიღწეულ იქნა წინასწარი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ კომპანიებს დაევალოთ მომავალი წლის განმავლობაში მოახდინონ აქტივების გადაფასება IFRS სტანდარტების მიხედვით, გარე აუდიტის მეშვეობით.
„პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეიცვალა მიდგომები საწარმოების რისკების შეფასების კუთხით. შემუშავდა საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეგროვების ახალი ფორმა. ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია იყო არასრულყოფილი, რაც შეუძლებელს ხდიდა სრულყოფილი ფინანსური ანალიზის ჩატარებას. ახალი ფორმა საკმაოდ ინფორმატიულია და ემსახურება დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საწარმოების ბიზნეს გეგმების სწრაფად და ეფექტურად განხილვა-დამტკიცებას.- აღნიშნა 2013 წლის საქმიანობის შეჯამებისას ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ლევან მენაბდემ.
2013 წელს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი 431 საწარმოდან 77-მა კომპანიამ წარმოადგინა ბიზნეს-გეგმა, დამტკიცდა - 28, უარყოფილი იქნა -5, ხოლო 44 ბიზნეს-გეგმა განხილვის პროცესშია.