სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს არქივის ელექტრონიზაციის პროექტი

დრო: 2014-01-30 00:00:00

სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის დაიდო ხელშეკრულება საარქივო მომსახურებაზე, რომლის მიზანია ერთიანი, დაზუსტებული ელექტრონული არქივის სისტემის შექმნა.  
პროექტის განხორციელება დაიწყო 2013 წლის ნოემბერში და გაგრძელდება 2015 წლის ოქტომბრამდე. 
პროექტის ფარგლებში განხორციელდება  სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დოკუმენტური არქივის ელექტრონიზაცია და სისტემატიზაცია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 ნოემბრის N 1-1/336 ბრძანების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მართვაში გადაეცა სამინისტროს არქივი და პასუხისმგებელია მის დამუშავებასა და ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე. სამინისტროს არქივი მოიცავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 1936  წლიდან იმ ლიკვიდირებული სამინისტროების (სულ: 13 სამინისტრო) საქმიანობის პროცესში წარმოქმნილ დოკუმენტებს, რომელთა სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ამ ეტაპზე დაკომპლექტებულია სკანირების ჯგუფი და შეძენილია სპეციალური მაღალ-ტექნოლოგიური სკანერები. პროექტის შედეგად სააგენტო მიიღებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის და სრულყოფილ ელექტრონულ არქივს, სადაც თავმოყრილი იქნება  სააგენტოს მფლობელობაში არსებული საარქივო დოკუმენტაცია.აღნიშნული მნიშვნელოვნად გაამარტივებს დოკუმენტების მოძიებას, დააჩქარებს მომსახურებას და დადებითად აისახება  მომსახურების ხარისხზე რეგიონული მასშტაბით.