თბილისის მომსახურების ცენტრი - ახალი სტანდარტი და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
დრო: 2014-02-13 00:00:00
თბილისის მომსახურების ცენტრის იუსტიციის სახლში გადატანა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სააგენტოსათვის მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
2013 წლის განმავლობაში (ივლისი-დეკემბრის პერიოდში) სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრმა 11 452 მოქალაქე მიიღო. მიღებული წერილების რაოდენობა ამავე პერიოდის განმავლობაში 5 193 წერილს შეადგენდა.
ცენტრის ახლებურმა მოწყობამ, გაწეულმა სამუშაოებმა და ტრენინგებმა განაპირობა მომსახურების ახალი სტანდარტის დანერგვა და მომსახურების პროცესების ოპტიმიზაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვან ცვლილებას განეკუთვნებოდა მოქალაქეთა შემსრულებლებთან პირისპირ კონტაქტის შეზღუდვა, მომსახურების ცენტრის თანამშრომლების პირდაპირი დაშვება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაზე წერილის შექმნის შესაძლებლობით და ა. შ.
ფრანტში მოსული დაინტერესებული პირი დღეს კვალიფიციურ კონსულტაციას იღებს ცენტრის თანამშრომლებისაგან. შესაბამისად, შემოსული კორესპონდენცია და მოთხოვნები უკეთესად არის დამუშავებული და მომზადებული, რაც ამარტივებს შემდგომ რეაგირებას. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შემოსული განცხადება პირდაპირ ცენტრიდან ხვდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში და აღარ გადის დამატებით პროცესს.
თავად მოქალაქეები დადებითად აფასებენ ახალ შესაძლებლობას, რომელიც საშუალებას აძლევს მათ უფრო დეტალურად განიხილონ საკუთარი საქმე/დაინტერესება კონსულტანტთან.
2014 წლის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში, სადაც სააგენტო იზრუნებს იგივე მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვაზე და განახორციელებს შესაბამის რეფორმებსა და სამუშაოებს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს კარგი მმართველობის ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც უმთავრესი ამოცანაა გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
თბილისის მომსახურების ცენტრი დროებით კვლავ ეკონომიკის სამინისტროს შენობაშია განთავსებული, თუმცა ვიმედოვნებთ, სარემონტო სამუშაოები თბილისის იუსტიციის სახლში მალე დასრულდება და ცენტრი ჩვეულ სამუშაო გარემოს დაუბრუნდება.