საქართველოს მთავრობა ახალი ინიციატივით გამოდის
დრო: 2014-05-22 00:00:00
19 მაისს თბილისის საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართა ახალი სამთავრობო პროგრამის პრეზენტაცია. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ წარმოადგენს მთავრობის ახალ ინიციატივას და მისი მიზანია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა ქვეყანაში.
პროგრამა ოფიციალურად 1 ივნისიდან ამოქმედდება.
პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში ჩართულია სამინისტროს სისტემაში შემავალი შემდეგი სსიპ-ები: „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“, „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“.
პროექტი უზრუნველყოფს შემდეგი სახის მხარდაჭერას:
1. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
2. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა
3. ტექნიკური დახმარება
სრული ინფორმაცია წარმოდგენილია ვებ-გვერდზე: http://qartuli.ge

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პასუხისმგებელია ფიზიკური ინფრასტრუქტურის გადაცემის კომპონენტზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას მეწარმისთვის გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით.
დაინტერესებულ პირს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, ვთავაზობთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე. აღნიშნული ქონების ნუსხა, რეგიონების მიხედვით, გამოქვეყნებულია შემდეგ ბმულზე: http://nasp.gov.ge/geo/static/2533