იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ
დრო: 2014-06-16 00:00:00
13 ივნისს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დიმიტრი ქუმსიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა-დაკანონების თემაზე ბრიფინგი გამართა. თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ სახელმწიფოს გადმოსცა დაბა წყნეთში განთავსებული 3 კორპუსი, მათი მიმდებარე ტერიტორია და თბილისის ზღვაზე მდებარე 6 შენობა.
აღნიშნული ქონება გადაეცათ იძულებით გადაადგილებულ პირებს, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე. ორივე ობიექტის საცხოვრებელი ფართი 262 ოჯახზე გადანაწილდება და შესაბამისი პროცედურების შემდეგ საკუთრებაში გადაეცემათ.
ზოგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იძულებით გადაადგილებულ პირებს 150-მდე ობიექტი გადაეცათ და 2000-მდე ოჯახს საკუთარი ბინა აქვს. სააგენტო სამინისტროებთან ერთად ამ მიმართულებით ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას.