“აწარმოე საქართველოში“ ღია კარის დღე გორში

დრო: 2014-06-19 00:00:00

18 ივნისს, გორში, სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, ასევე - მეწარმეობის განვითარების, სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარებისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ორასამდე ადგილობრივი კომპანია იყო მოწვეული. მათთვის პროგრამის დეტალური პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა. განხილულ იქნა სახელმწიფო პროგრამის მიმართულებები, კონკრეტული სექტორები და ის პირობები, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებას. პრეზენტაციის შემდეგ მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას განცხადებით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში და პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვა რაიონებშიც გაგრძელდება.

სააგენტოს აღნიშნული ღონისძიებისთვის მოწყობილი ჰქონდა თავისი კუთხე, სადაც განთავსებული იყო პროექტის სარეკლამო მასალები და შეთავაზებული საწარმოების პრეზენტაციები. სააგენტოს მომსახურების ცენტრისა და ქოლ-ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას უწევდნენ დაინტერესებულ მეწარმეებს და აცნობდნენ სააგენტოს შეთავაზებებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ პროგრამას, აღნიშნული საწარმოების ჩამონათვალს და დაესვათ შესაბამისი კითხვები მათვის საინტერესო საკითხებზე. 

ღია კარის დღეზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ ბანკები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევდნენ ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში.