“აწარმოე საქართველოში“ - ღია კარის დღე თელავში

დრო: 2014-06-26 00:00:00

სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში“ 1 ივნისიდან ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეწყობა ღია კარის დღეები, სადაც პროგრამის გასაცნობად ადგილობრივი მეწარმეების მოწვევა ხდება. ყველა მეწარმეს, ვინც დაინტერესებულია საწარმოს შექმნით, საშუალება ეძლევა მიიღოს დეტალური ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან, ასევე კონსულტაციები გაიაროს ქონების ეროვნული სააგენტოს და ბანკების წარმომადგენლებთან. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან თბილისში, გორში და რუსთავში. 

25 ივნისს, თელავში, სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, ასევე - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მეწარმეობის განვითარების და სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე მოწვეული იყო 300-მდე ადგილობრივი მეწარმე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა მეწარმეებს პროგრამის მიმართულებები გააცნო და ახალი საწარმოების შექმნისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ხელშემწყობი პირობები დეტალურად განიხილა. პრეზენტაციის შემდეგ მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ პროგრამის განმახორციელებელი სტრუქტურებისათვის. ძირითად ინტერესს იწვევდა ფინანსური მხარდაჭერის საკითხები, პროგრამაში შეტანილი სახელმწიფო ქონებები. 

სააგენტოს აღნიშნული ღონისძიებისთვის მოწყობილი ჰქონდა თავისი კუთხე, სადაც განთავსებული იყო პროექტის სარეკლამო მასალები. სააგენტოს მომსახურების ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას უწევდნენ დაინტერესებულ მეწარმეებს და აცნობდნენ სააგენტოს შეთავაზებებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ პროგრამას, აღნიშნული საწარმოების ჩამონათვალს და დაესვათ შესაბამისი კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ღია კარის დღეზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ ბანკები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევდნენ ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის კოორდინაციას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. პროგრამის განხორციელების პროცესში ასევე ჩართულია მეწარმეობის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. 

დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში“ განთავსებულია ვებპორტალზე: www.qartuli.ge;  www.nasp.gov.ge