“აწარმოე საქართველოში“ - ღია კარის დღე ახალციხეში
დრო: 2014-07-04 00:00:00
3 ივლისს, ქ. ახალციხეში, უნივერსიტეტის შენობაში, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა გამართა და მთავრობის ინიცირებულ ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც საქართველოში უნდა განვითარდეს ადგილობრივი პროდუქციის წარმოება და შეიქმნას ახალი საწარმოები, განსაკუთრებით კი საქართველოს რეგიონებში.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მეწარმეობის განვითარების და სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარების სააგენტოს, პროგრამაში მონაწილე ბანკებისა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი მეწარმეები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა მეწარმეებს პროგრამის მიმართულებები გააცნო და ახალი საწარმოების შექმნისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ხელშემწყობი პირობები დეტალურად განიხილა. პრეზენტაციის შემდეგ მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ პროგრამის ფარგლებში მათთვის საინტერესო საკითხებზე. ძირითად ინტერესს იწვევდა ფინანსური მხარდაჭერის საკითხები და პროგრამაში შეტანილი სახელმწიფო ქონებები.
სააგენტოს აღნიშნული ღონისძიებისთვის მოწყობილი ჰქონდა თავისი კუთხე, სადაც განთავსებული იყო პროექტის სარეკლამო მასალები. სააგენტოს მომსახურების ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას უწევდნენ დაინტერესებულ მეწარმეებს და აცნობდნენ სააგენტოს შეთავაზებებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საწარმოების ჩამონათვალს და დაესვათ შესაბამისი კითხვები.
ღია კარის დღეზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ ბანკები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევდნენ ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში.
სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში“ 1 ივნისიდან ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეწყობა ღია კარის დღეები, სადაც პროგრამის გასაცნობად ადგილობრივი მეწარმეების მოწვევა ხდება. ყველა მეწარმეს, ვინც დაინტერესებულია საწარმოს შექმნით, საშუალება ეძლევა მიიღოს დეტალური ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან თბილისში, გორში, რუსთავში და თელავში.
დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში“ განთავსებულია ვებპორტალზე: www.qartuli.ge; www.nasp.gov.ge