“აწარმოე საქართველოში“ - ღია კარის დღე დუშეთში
დრო: 2014-07-07 00:00:00
4 ივლისს, ქ. დუშეთში, გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა არაბული, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე, სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მეწარმეობის განვითარების და სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარების სააგენტოს, პროგრამაში მონაწილე ბანკებისა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი მეწარმეები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პროგრამის მიმართულებები და ახალი საწარმოების შექმნისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ხელშემწყობი პირობები. პრეზენტაციის შემდეგ მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ პროგრამის ფარგლებში მათთვის საინტერესო საკითხებზე. ძირითად ინტერესს იწვევდა ფინანსური მხარდაჭერის საკითხები და პროგრამაში შეტანილი სახელმწიფო ქონებები.
სააგენტოს აღნიშნული ღონისძიებისთვის მოწყობილი ჰქონდა თავისი კუთხე, სადაც განთავსებული იყო პროექტის სარეკლამო მასალები. სააგენტოს მომსახურების ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას უწევდნენ დაინტერესებულ მეწარმეებს და აცნობდნენ სააგენტოს შეთავაზებებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საწარმოების ჩამონათვალს და დაესვათ შესაბამისი კითხვები.
ღია კარის დღეზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ ბანკები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევდნენ ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში.
სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეწყობა ღია კარის დღეები და ყველა მეწარმეს, ვინც დაინტერესებულია საწარმოს შექმნით, საშუალება ეძლევა მიიღოს დეტალური ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან თბილისში, გორში, რუსთავში, თელავში და ახალციხეში.
დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში“ განთავსებულია ვებ-პორტალზე: www.qartuli.ge; www.nasp.gov.ge