პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მთავრობამ სამი ახალი პროექტი დაამტკიცა
დრო: 2014-07-09 00:00:00
სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ კიდევ სამი პროექტი დაამტკიცა და დაინტერესებულ მეწარმეებს ახალი საწარმოების შესაქმნელად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცათ. სახელმწიფო პროგრამის პირობების თანახმად, გადაცემულ ობიექტებზე ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორცილდება და სხვადასხვა მიმართულების ახალი საწარმოები ამუშავდება.
შპს „ჯეოკეპს“ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, გადაეცა თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარე 15 003 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საერთო ღირებულება 437 000 ლარია. სანაცვლოდ კომპანია ვალდებულია განახორციელოს არანაკლებ 2 622 000 ლარის ინვესტიცია, ორი წლის განმავლობაში შექმნას პლასტმასის პროდუქციის საწარმო და დაასაქმოს 45 ადამიანი.
ქაღალდისა და არაქსოვილი მასალისგან დამზადებული შესაფუთი და ერთჯერადი მოხმარების პროდუქციის საწარმო ამოქმედდება ასევე თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ.ზე, სადაც საქართველოს მთავრობამ ინდ. მეწარმე ეკატერინე აბრამიას ასევე ერთ ლარად გადასცა 236 000 ლარად შეფასებული 2587 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. მეწარმე არანაკლებ 1 416 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას და მინიმუმ 40 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.
50-70 ადამიანს დაასაქმებს ასევე შპს „ჯეო კონცენტრატი“ ხილის, კენკროვნებისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოში, რომლის ამოქმედებისთვის არანაკლებ 332 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. საწარმო გორის რაიონის სოფელ კარალეთში სახელმწიფოს მიერ სიმბოლურ ფასად გადაცემულ ობიექტზე ამუშავდება. „ჯეო კონცენტრატისთვის“ გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართობი 20 067 კვადრატული მეტრია და მასზე განთავსებულ შენობებთან ერთად 83 000 ლარად არის შეფასებული.
სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში“ პირველი ივნისიდან ამოქმედდა და ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში უკვე ხუთი პროექტია დამტკიცებული.