გორის რაიონის სოფელ ბერბუკში ახალი საწარმო გაიხსნება

დრო: 2014-07-16 00:00:00

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  გორის რაიონის სოფელ ბერბუკში განხორციელდა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გადაცემა. მიწის ფართობი 5000 კვ.მ-ს შეადგენს, ხოლო შენობა-ნაგებობების განაშენიანების ფართი სულ 2152 კვ.მ-ია.

აღნიშნული ქონება, რომელიც  შეფასებულ იქნა 36 000 ლარად, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცა ინდ-მეწარმე თემურ გიგალიშვილს. ობიექტზე დაგეგმილია თევზისა და ფრინველის საკვების მწარმოებელი და მეხორცული მიმართულების მქონე მეფრინველეობის საწარმოს გახსნა და ქონების ღირებულების ოთხმაგი ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა. პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.qartuli.ge.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პასუხისმგებელია ფიზიკური ინფრასტრუქტურის გადაცემის კომპონენტზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას მეწარმისთვის გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით. პროგრამა 1 ივნისს დაიწყო და უკვე 6-მა მეწარმემ ისარგებლა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტით.

პროგრამაში ჩართული ობიექტების ნუსხა განთავსებულია სააგენტოს საიტზე www.nasp.gov.ge.