“აწარმოე საქართველოში“ - ღია კარის დღე ქუთაისში
დრო: 2014-07-18 00:00:00
23 ივლისს, ქ. ქუთაისში, პირველი საჯარო სკოლის შენობაში, ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, იმერეთის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რწმუნებულ–გუბერნატორი პარმენ მარგველიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.
მეწარმეების დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო აღნიშნული ღონისძიებისადმი. შეხვედრას 200–მდე მეწარმე დაესწრო. პროგრამის პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა გამართა. წარმოდგენილი იქნა პროგრამის მიმართულებები და ახალი საწარმოების შექმნისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ხელშემწყობი პირობები. პროგრამის პრეზენტაციის დასრულებისთანავე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ კითხვები. ძირითად ინტერესს იწვევდა ფინანსური მხარდაჭერის საკითხი.
სააგენტოს აღნიშნული ღონისძიებისთვის მოწყობილი ჰქონდა კუთხე, სადაც განთავსებული იყო პროექტის სარეკლამო მასალები. სააგენტოს მომსახურების ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას უწევდნენ დაინტერესებულ მეწარმეებს და აცნობდნენ სააგენტოს შეთავაზებებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საწარმოების ჩამონათვალს და დაესვათ შესაბამისი კითხვები.
ღია კარის დღეზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ ბანკები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევდნენ ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში.
სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეწყობა ღია კარის დღეები და ყველა მეწარმეს, ვინც დაინტერესებულია საწარმოს შექმნით, საშუალება ეძლევა მიიღოს დეტალური ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან თბილისში, გორში, რუსთავში, თელავში, დუშეთში და ახალციხეში.
დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში“ განთავსებულია ვებ-პორტალზე: www.qartuli.ge;www.nasp.gov.ge