“აწარმოე საქართველოში“ - ღია კარის დღე ზუგდიდში
დრო: 2014-07-25 00:00:00
24 ივლისს, ქ. ზუგდიდში, გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორი ლევან შონია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ სამეგრელოს რეგიონის მეწარმეები. პროგრამის პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა გამართა.
წარმოდგენილი იქნა პროგრამის მიმართულებები, კონკრეტული სექტორები და ახალი საწარმოების შექმნისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ხელშემწყობი პირობები. პროგრამის პრეზენტაციის დასრულებისთანავე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ კითხვები.
სააგენტოს აღნიშნული ღონისძიებისთვის მოწყობილი ჰქონდა კუთხე, სადაც განთავსებული იყო პროექტის სარეკლამო მასალები. სააგენტოს მომსახურების ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას უწევდნენ დაინტერესებულ მეწარმეებს და აცნობდნენ სააგენტოს შეთავაზებებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საწარმოების ჩამონათვალს და დაესვათ შესაბამისი კითხვები.
ღია კარის დღეზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ ბანკები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევდნენ ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში.
სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეწყობა ღია კარის დღეები და ყველა მეწარმეს, ვინც დაინტერესებულია საწარმოს შექმნით, საშუალება ეძლევა მიიღოს დეტალური ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან თბილისში, გორში, რუსთავში, თელავში, დუშეთში, ახალციხეში და ქუთაისში.
დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში“ განთავსებულია ვებ-პორტალზე: www.qartuli.ge; www.nasp.gov.ge