“აწარმოე საქართველოში“ - ღია კარის დღე ოზურგეთში

დრო: 2014-07-28 00:00:00

24 ივლისს, ქ. ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, გურიის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრას ადგილობრივი მეწარმეები დაესწრნენ. პროგრამის პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა გამართა. წარმოდგენილი იქნა პროგრამის მიმართულებები და ახალი საწარმოების შექმნისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ხელშემწყობი პირობები. პროგრამის პრეზენტაციის დასრულებისთანავე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ კითხვები. ძირითად ინტერესს იწვევდა ფინანსური მხარდაჭერის საკითხი.

სააგენტოს აღნიშნული ღონისძიებისთვის მოწყობილი ჰქონდა კუთხე, სადაც განთავსებული იყო პროექტის სარეკლამო მასალები. სააგენტოს მომსახურების ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას უწევდნენ დაინტერესებულ მეწარმეებს და აცნობდნენ სააგენტოს შეთავაზებებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საწარმოების ჩამონათვალს და დაესვათ შესაბამისი კითხვები.

ოზურგეთში შეკრებილმა მეწარმეებმა განსაკუთრებული ინტერესითა და სიმწვავით წამოჭეს ფინანსური მხარდაჭრის კომპონენტთან დაკავშირებული საკითხები. მეწარმეები დაინტერესდნენ საკალმახე მეურენობებისა და თაფლის წარმოების განვითარების შესაძლებლობებით.

ღია კარის დღეზე ტრადიციულად წარმოდგენილი იყვნენ ბანკები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევდნენ ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში.

სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეწყობა ღია კარის დღეები და ყველა მეწარმეს, ვინც დაინტერესებულია საწარმოს შექმნით, საშუალება ეძლევა მიიღოს დეტალური ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან თბილისში, გორში, რუსთავში, თელავში, დუშეთში, ახალციხეში და ზუგდიდში. 

დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში“ განთავსებულია ვებ-პორტალზე:www.qartuli.gewww.nasp.gov.ge