“აწარმოე საქართველოში“ - ბოლო ღია კარის დღე ბათუმში
დრო: 2014-07-28 00:00:00
25 ივლისს, ქ. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ადგილობრივი მეწარმეებისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.
სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ღია კარის დღეების ციკლი 7 ივნისიდან დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა. ღია კარის დღეები გარკვეული პერიოდულობით ჩატარდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. სულ ღონისძიებებს ცხრაასამდე დაინტერესებული მეწარმე დაესწრო, რომელთაც კონსულტაცია გაეწიათ ასამდე ქონების შესახებ. ღია კარის დღეების საშუალებით დაინტერესებულ მეწარმეებს და ბიზნესმენებს საშუალება მიეცათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის კომპონენტების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან.
ბათუმში გამართულ დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრას 200-მდე სტუმარი დაესწრო. პროგრამის პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა გამართა. წარმოდგენილი იქნა პროგრამის მიმართულებები და ახალი საწარმოების შექმნისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ხელშემწყობი პირობები. პროგრამის პრეზენტაციის დასრულებისთანავე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ კითხვები. მეწარმეებმა ინტერესი გამოთქვეს სახელწმიფო ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სააგენტოს აღნიშნული ღონისძიებისთვის მოწყობილი ჰქონდა კუთხე, სადაც განთავსებული იყო პროექტის სარეკლამო მასალები. სააგენტოს მომსახურების ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას უწევდნენ დაინტერესებულ მეწარმეებს და აცნობდნენ სააგენტოს შეთავაზებებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საწარმოების ჩამონათვალს და დაესვათ შესაბამისი კითხვები.
ღია კარის დღეზე ტრადიციულად წარმოდგენილი იყვნენ ბანკები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევდნენ ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში.
დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში“ განთავსებულია ვებ-პორტალზე: www.qartuli.ge; www.nasp.gov.ge