იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ
დრო: 2015-01-06 00:00:00
საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შუამდგომლობით 646 დევნილ ოჯახს (2500-ზე მეტი დევნილი) საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადასცა.
დევნილებს საცხოვრებელი ფართები თბილისში, კასპში, წყალტუბოში, ბათუმში, ხონსა და საქართველოს სხვა რეგიონებში დაუკანონდათ. გადაცემული უძრავი ქონება ჯამში დაახლოებით 35 000 კვ.მეტრს შეადგენს.
სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ივნისშიც გადასცა ქონება და 262 ადამიანი დააკმაყოფილა საცხოვრებელი ფართით. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სამინისტროებთან ერთად ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.