სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტი მთელი ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს

დრო: 2015-01-08 00:00:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიან პროექტს იწყებს. ინვენტარიზაციის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით 8 იანვარს 11 საათზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზენტაცია გამართა და ასევე სააგენტოს გასული წლის მუშაობა შეაჯამა.

ინვენტარიზაციის პროექტის მიზანია სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით. წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების გარკვეული ნაწილი აღურიცხავი რჩებოდა. ინვენტარიზაციის შედეგად კი შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების ზუსტი რაოდენობის დადგენა და გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაჩქარდება და კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება პრივატიზების პროცესები, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

სააგენტომ სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტი 2013 წლის მარტიდან დაიწყო. აღიწერა თბილისის 15 რაიონი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი. შედეგად თბილისში გამოვლინდა 625, ხოლო გარდაბანში - 122 აღურიცხავი სახელმწიფო ობიექტი (აღმოჩენილი ობიექტების საერთო ფართობი დაახლოებით - 5,5 მლნ კვ.მ.). აღნიშნული ქონების პრივატიზებიდან შემოსავალმა კი გასულ წელს 3 მილიონი ლარი შეადგინა.

ინვენტარიზაციის მასშტაბური პროექტი ითვალისწინებს სააგენტოს სამხარეო ცენტრებში 14, ხოლო თბილისის ტერიტორიაზე 3 ორკაციანი მობილური ჯგუფის ჩამოყალიბებას. ჯგუფები აღჭურვილნი იქნებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და ინვენტარიზაციისთვის საჭირო გეოლოგიური, გეოფიზიკური ხელსაწყოებით. სწორედ აღნიშნული მობილური ჯგუფებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით სააგენტომ წელს დამატებით შეისყიდა 6 Toyota-სა და 10 Suzuki-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება და ასაზომი ინვენტარი (ლაზერული მანძილსაზომები, ელექტრო ტაქომეტრები, საველე კონტროლერები) საერთო ღირებულებით 1,014,847 ლარი. გასულ წელს მობილური ჯგუფების აღჭურვისათვის სააგენტოს მიერ დაიხარჯა 522,531 ლარი 6 რენოს მარკის ავტომობილისა და ასაზომი ინვენტარის შესაძენად.

პროექტის ფარგლებში დასაქმებული 16-ს გარდა, შეირჩევა და გადამზადდება დამატებით 32 ახალი შტატგარეშე თანამშრომელი, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ ინვენტარიზაციის პროცესს და აზომვით სამუშაოებს.