სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თანამშრომლობას იწყებს „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“
დრო: 2016-08-04 17:25:42
პროექტის „სოფლიდან გაუსვლელად“ ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თანამშრომლობას იწყებს „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“. თანამშრომლობის მიზანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე იჯარით გაცემის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონების შესახებ ინფორმაციის ეფექტური გავრცელება დაინტერესებულ ფერმერებს შორის.
„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ შეიქმნა 2012 წელს და იგი წარმოადგენს ფერმერთა გაერთიანებების "ქოლგა" ორგანიზაციას, რომელიც არის კოოპერატივების ქოლგა ორგანიზაცია „Copa-Cogeca” -ს ერთადერთი ასოცირებული წევრი საქართველოში. ასოციაცია დღეს არამარტო ფერმერთა ჯგუფებს, არამედ ინდივიდუალურ ფერმერებსაც და სოფლის მეურნეობის კუთხით მომუშავე ორგანიზაციებსა თუ ასოციაციებსაც აერთიანებს. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო, დონორ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და წარმოადგენს მძლავრ მაკოორდინებელ სტრუქტურას ფერმერთა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ მხარეთა შორის. დღეისათვის საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში გაერთიანებულია 1000-ზე მეტი ფერმერი და 60-მდე ასოცირებული წევრი კომპანია.
30 იანვარს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ნინო ზამბახიძესთან. შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ინფორმაცია ყოველი ახალი გამოცხადებული აუქციონის შესახებ გავრცელდება ფერმერთა ასოციაციის ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე, რომელსაც თვეში საშუალოდ 6000-მდე მნახველი ყავს. რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი დაინტერესებული პირის ჩართვას აღნიშნულ პროექტში და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ლოკალურ დონეზე.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „სოფლიდან გაუსვლელად“ 2014 წლის 1 ივნისს დაიწყო. მისი მიზანია მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია მათსავე რეგიონში გამოცხადებული აუქციონების შესახებ. პროექტის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, მათ შორის, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები.