სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები უკვე იუსტიციის სახლშიც ხელმისაწვდომია

დრო: 2015-02-04 00:00:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები უკვე იუსტიციის სახლშიც ხელმისაწვდომია.  ახალი მომსახურების დანერგვის შესახებ მემორანდუმს  მხარეების მიერ დღეს იუსტიციის სახლში მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკატერინე სისაურმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირაკლი ლომიძემ მოაწერეს.
ხელმოწერილი დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ იუსტიციის სახლი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისებით (მათ შორის სახელმწიფო ქონების პრივატიზება, იჯარა, მართვის უფლებით გადაცემა და ა.შ.)  დაინტერესებულ მოქალაქეებს მაღალი ხარისხით, მინიმალურ დროში მოემსახურება. პროექტი სატესტო რეჟიმში თავდაპირველად იუსტიციის სახლის მარნეულის ფილიალში განხორციელდება.
 სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ეკატერინე სისაურის თქმით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს იყოს ხელმისაწვდომი და მოქალაქეებს შესთავაზოს  სწრაფი და ეფექტური მომსახურება ქვეყნის მასშტაბით. 
„სწორედ ამიტომ  „იუსტიციის სახლთან“ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს იუსტიციის სახლის მარნეულის ფილიალში პროექტის საპილოტე ვერსიის დანერგვას. აქ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სააგენტოს შემდეგი სერვისები:  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით პრივატიზება; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონის ფორმით პრივატიზება ან/და იჯარით აღება; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს წილის/აქციების აუქციონის წესით პრივატიზება; სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოს წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემა; სახელმწიფოს ქონების გადაცემა კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაში.“ - განაცხადა ეკატერინე სისაურმა. 
„იუსტიციის სახლი  მუდმივ რეჟიმში აფართოებს  400-მდე სერვისის ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც მათ უწყებაშია  შესაძლებელი. „სერვისის დანერგვამდე ჩვენ დეტალურად გამოვიკვლიეთ მომხმარებლის მოთხოვნა ქონების ეროვნული სააგენტოს  მომსახურებაზე,  რის შედეგადაც გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. სერვისების მიღება ამ ეტაპზე  მარნეულის იუსტიციის სახლშია შესაძლებელი და მომსახურება სრულიად უფასოა“ - აღნიშნა იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირაკლი ლომიძემ. 
აღსანიშნავია, რომ  იუსტიციის სახლს მარნეულის ფილიალის საპილოტე რეჟიმისთვის  შერჩევა ამ რეგიონში მომხმარებლების მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისზე არსებულმა დიდმა მოთხოვნამ განაპირობა. საპილოტე პერიოდის  დასრულებისთანავე, სერვისი წარმატებით დაინერგება იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისი საქართველოს ყველა რეგიონში გახდება ხელმისაწვდომი.