ტრენინგი სააგენტოს 32 ახალი შტატგარეშე თანამშრომლისთვის
დრო: 2015-02-23 00:00:00
18 თებერვლიდან ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტის ფარგლებში სააგენტოს 32 ახალი შტატგარეშე თანამშრომელი იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადამზადებას გადის.
ინვენტარიზაციის მასშტაბური პროექტი ითვალისწინებს სააგენტოს სამხარეო ცენტრებში 14, ხოლო თბილისის ტერიტორიაზე 2 ორ-კაციანი მობილური ჯგუფის ჩამოყალიბებას. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ორგანიზებით აღნიშნული ჯგუფები სამუშაო პროცესში უშუალოდ ჩართვამდე სპეციალურ ტრეინინგს გადიან. ისინი აღჭურვილნი არიან ინვენტარიზაციისთვის საჭირო გეოლოგიური, გეოფიზიკური ხელსაწყოებით და გადიან როგორც თეორიულ, ასევე აზომვით სამუშაოებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ სწავლებას.
2 მარტიდან, ტრეინინგის დასრულების შემდეგ, 32 ახალი შტატგარეშე თანამშრომელი უშუალოდ განახორციელებს ინვენტარიზაციის პროცესს და აზომვით სამუშაოებს საქართველოს ყველა რეგიონში.
ცნობისთვის, ინვენტარიზაციის პროექტის მიზანია სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით. წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების გარკვეული ნაწილი აღურიცხავი რჩებოდა. ინვენტარიზაციის შედეგად კი შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების ზუსტი რაოდენობის დადგენა და გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაჩქარდება და კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება პრივატიზების პროცესები, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.