სააგენტოს სამოქმედო გეგმების განხილვა სასტუმრო „ძველ თბილისში“
დრო: 2015-05-18 00:00:00
16 მაისს სასტუმრო „ძველ თბილისში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2015 წლის სამოქმედო გეგმების ფორმირების და მართვის პროექტის ფარგლებში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სინერჯი ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად სააგენტოს თავმჯდომარე, მოადგილეები, ყველა დეპარტამენტის, სამსახურის და მომსახურების ცენტრების უფროსები და ასევე სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები დაესწრნენ.
შეხვედრის პირველ ნაწილში სამსახურის უფროსებმა სააგენტოს ხელმძღვანელობას ვადაში გაწერილი 2015 წლის სამოქმედო გეგმები წარუდგინეს. პრეზენტაციები კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სააგენტოს პრიორიტეტული ამოცანები. მეორე ნაწილი შემთხვევითი წესით განაწილებული სამუშაო ჯგუფების მიერ ადგილზე მომზადებულ პრეზენტაციებს დაეთმო. ჯგუფებმა წარმოადგინეს სააგენტოს მომავლის სამწლიანი ხედვა.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სააგენტოს მისიის ფორმულირებაზე და პრიორიტეტებზე, სადაც გამოკითხვის წესით დასახელდა 3 მთავარი საკითხი:
• პროაქტიული გაყიდვები და შემოსავლების გაზრდა;
• სისტემური პრობლემების მოგვარება;
• უძრავი ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია;
შეხვედრის ბოლოს, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა დიანა ჩომახაშვილმა წარმოადგინა SWOT-ანალიზის შედეგად მხარეების შეპირისპირების მეთოდით გაკეთებული ანალიზი. SWOT - ანალიზის შედეგადაც ასევე გამოიკვეთა სააგენტოს მიერ განსახორციელებელი აუცილებელი ქმედებები გრძელვადიან ჭრილში, ხოლო ცენტრალურ პრობლემად გამოიკვეთა სახელმწიფო აქტივების არცოდნა და დაურეგისტრირებელი ქონებების არსებობა.
„შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და დატვირთული იყო. კარგია, რომ SWOT-ანალიზის შედეგები და აქამდე გამოკვეთილი ქმედებები და ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. უნდა ითქვას, რომ „სინერჯი ჯგუფის“ დახმარებით და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძელით თითოეული სამსახურისთვის 2015 წლის გეგმების დროში გაწერა, რაც სააგენტოს ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. მსგავსი შეხვედრა ასევე ხელს შეუწყობს ერთიანი ხედვის დამკვიდრებას გრძელვადიან პერსპექტივაში არა მხოლოდ თბილისში, ასევე სააგენტოს რეგიონულ ოფისებში." - განაცხადა დიანა ჩომახაშვილმა.