გარდაბანში ახალი პლასტმასის საწარმო შეიქმნება
დრო: 2016-11-18 09:31:48
შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯია“ გარდაბანში პლასტმასის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. კომპანიას სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მარტყოფში, ვაზიანის დასახლებაში მდებარე 8816 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა გადაეცა.
აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საწარმოს ასაშენებლად შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯია“ არანაკლებ 616 976 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 35 ადამიანი დაასაქმდება და წელიწადში 3000 ტონა პლასტმასის და მისი ნაწარმის ნარჩენები გადამუშავდება.
2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა და ახალი საწარმოების შექმნა. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
პროგრამის ფარგლებში დღეის მდგომარეობით მხარდაჭერილია 211 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 249.21 მლნ ლარს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 246.25 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10369 ადამიანი.