რუსთავში ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება
დრო: 2016-11-18 09:33:39
რუსთავში ბიტუმოვანი ნივთიერებების საწარმოს ასაშენებლად 2 342 904 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სს „რუსთავოილს“ რუსთავში მდებარე 97621.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 6 შენობა-ნაგებობა გადასცა.
სს „რუსთავოილი“ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მინერალური საწვავის, ნავთობისა და მათი გამოხდის პროდუქტების, ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ახალი საწარმო წლის განმავლობაში 25 000 ტონა ნავთობის ბიტუმის წარმოებას შეძლებს და 40 სამუშაო ადგილს შექმნის.
2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა და ახალი საწარმოების შექმნა. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
პროგრამის ფარგლებში დღეის მდგომარეობით მხარდაჭერილია 211 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 249.21 მლნ ლარს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 246.25 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10369 ადამიანი.