ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა ელექტრონულ აუქციონზე 6 მილიონ დოლარად იყიდება
დრო: 2015-05-29 00:00:00
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” 2015 წლის 29 მაისს პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად გამოიტანა ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც დღეს თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული.
აღნიშნული ქონება მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში, ტურისტულად აქტიურ ზონაში. მისგან 300 მეტრის დაშორებით განთავსებულია კინოთეატრი, მუზეუმები, ნახევარი კილომეტრის რადიუსში მდებარეობს თბილისში განთავსებული მაღალი კლასის სასტუმროები და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ასევე - კულტურული ცენტრები და სავაჭრო დანიშნულების ობიექტები. შენობას მნიშვნელოვან ხიბლს მატებს მის წინ განთავსებული პარკი.
უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4210.00 კვ.მ-ს, ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი - 11271.52 კვ.მ-ია. ობიექტს გააჩნია საკუთარი ტერიტორია პარკინგისათვის.
აუქციონი გამოცხადდა შემდეგი პირობებით:
• საპრივატიზებო ობიექტის საწყისი ფასი შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს;
• მყიდველი ვალდებული იქნება 2016 წლის პირველი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო შექმნას და ექსპლუატაციაში გაშვება.
• მყიდველი ასევე ვალდებული იქნება 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს გამყიდველის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ის მიერ უძრავი ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობა.
• მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2015 წლის 26 ივნისს 17 საათზე. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.
სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე - კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://www.eauction.ge/Home/EntityView/232837
ქონების შეძენით დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე: (+995) 32 298 11 11. ასევე ეწვიეთ ვებ-გვერდს www.nasp.gov.ge