სოფელ უწერაში მცირე ზომის სასტუმრო მოეწყობა

დრო: 2016-12-05 11:50:52

ონის რაიონში, სოფელ უწერაში მალე 12 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონზე, მაღალი კონკურენციის შედეგად, მორიგი უძრავი ქონება გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით სოფელ უწერაში მდებარე 1691 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მცირე ზომის სასტუმრო აშენდება, რისთვისაც არანაკლებ 450 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ეს უკვე რიგით მესამე გაყიდული ობიექტია. შეგახსენებთ, რომ ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის მაგივრად 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება. ახალი სასტუმრო ასევე განახლებულ აღმაშენებლის ქუჩაზე,  ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზეც მოეწყობა.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით ჯამში 10 390 000 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.