წყნეთის აგარაკზე ახალდაბაში სტიქიისგან დაზარალებულები დაბინავდნენ

დრო: 2015-06-16 00:00:00

საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ახალდაბაში სტიქიისგან დაზარალებული ბავშვები მშობლებთან ერთად წყნეთის სამთავრობო აგარაკზე დროებით დაბინავდნენ.
ვიცე-პრემიერთან და ქალაქის მერთან ერთად წყნეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური, მისი მოადგილეები, სააგენტოს სხვადასხვა სამსახურების, ასევე საქართველოს ფოსტისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც სტიქიისგან დაზარალებულ ბავშვებსა და მშობლებს სურსათი, მედიკამენტები, ტანსაცმელი, ჰიგიენური ნივთები და სათამაშოები მიუტანეს.
„წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორიაზე გამოვუყავით აგარაკები ახალდაბაში მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებიც სტიქიისგან დაზარალდნენ. აქ არის დაახლოებით ოცამდე ბავშვი მშობლებთან ერთად. ჩვენ კიდევ ვაწარმოებთ დაზარალებული ოჯახების აღრიცხვას და შეიძლება მათ რამდენიმე ოჯახი კიდევ დაემატოს. ეს ადამიანები აქ, კომფორტულ გარემოში დარჩებიან იქამდე, სანამ სოფელ ახალდაბაში სტიქიის შედეგები არ აღმოიფხვრება. ადგილზე მუშაობენ სპეციალური ბრიგადები, დღეს პრემიერ-მინისტრიც გახლდათ ახალდაბაში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ოჯახების საცხოვრებლებს პირვანდელი სახე დაუბრუნდეს, უპირველეს ყოვლისა, აღდგეს გზა და კომუნიკაციები“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ახალდაბაში დაზარალებულ ოჯახებს თავდაპირველად ღამის გასათევად თბილისის მერიამ და ვაკე-საბურთალოს გამგეობამ მოუძებნეს ფართი, ახლა კი ეს ოჯახები უკვე წყნეთში იმყოფებიან, სადაც მათი ნორმალური ცხოვრებისთვის ყველაფერი უზრუნველყოფილია.
„აქ ყველა პირობა იქნება იმისთვის, რომ ბავშვებმა მორალურადაც რეაბილიტაცია გაიარონ, მათ საკმაოდ სტრესული ღამე გამოიარეს. რაც შეეხება აქ მათ ყოფნას, ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებმა შეაგროვეს თანხა და როგორც ჩვენი სამინისტროს, ასევე სხვა უწყებების წარმნომადგენლებმა აქ ამოიტანეს საჭირო სურსათი, ასევე სამედიცინო საშუალებები. არის ადამიანების ძალიან დიდი კონსოლიდაცია, რაც ძალიან მახარებს“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები წყნეთის აგარაკებზე იქამდე დარჩებიან, ვიდრე არ მოხდება მათი საცხოვრებელი სახლების სრულად აღდგენა. ხოლო ამ პერიოდის მანძილზე მათთვის საჭირო სურსათითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფაზე იზრუნებენ  ეკონომიკის სამინისტრო და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციები, მათ შორის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციებს გადანაწილებული აქვთ დღეები, რომლის მიხედვითაც  თანამშრომლების მიერ აგროვებული თანხებით მოხდება დაზარალებულებისთვის საჭირო საკვებისა და ნივთების შეძენა. 
საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხვალ, 17 ივნისს, დაზარალებულების კვებაზე და დახმარებაზე იზრუნებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.