ფოთში მდინარე რიონზე არსებულ ავარიულ ხიდზე იმსჯელეს
დრო: 2015-06-26 00:00:00
ფოთის მერი ირაკლი კაკულია ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძის პრობლემის შემსწავლელ ჯგუფთან ერთად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემოსვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსს გოჩა კანკავას შეხვდა. შეხვედრაზე ხიდის(ჰიდროკვანძის) პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. ნაგებობა, რომელიც მდინარე რიონზეა განთავსებული რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია, როგორც ადგილობრივ მთავრობაში ამბობენ, მისი რეაბილიტაცია სერიოზულ ფინანსურ სახსრებს საჭიროებს.
„ხიდი, თავისი ფუნქციური დატვირთვით არის ძალიან მნიშვნელოვანი ფოთის მოსახლეობისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ მდინარე რიონის წყლის ნაკადი, რომელიც გაედინება ქალაქის ტერიტორიაზე და უერთდება ზღვას რეგულირდება ამავე ხიდზე განთავსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობით, აუცილებლობას წარმოადგენს ხიდის საყრდენი კედლებისა და წყალგამტარი ნაგებობის შესაბამისი სპეციალისტების მეშვეობით შემოწმება და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უმოკლეს დროში დაწყება.“ - განაცხადა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსმა გოჩა კანკავამ.
ფოთის მერიას ხიდის პრობლემასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებსა და შესაბამის სამსახურებთან მუშაობა დაწყებული აქვს.