მცხეთის მუნიციპალიტეტში ეკო ტურიზმის ცენტრი აშენდება

დრო: 2017-01-05 11:26:33

შპს „სევსამორა ვილა“ მცხეთის მუნიციპალიტეტში 5 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიამ  მცხეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო მნიშვნელოვანი და მასშტაბური ტურისტული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა რომელიც  2018-2019 წლებში დასრულდება. პროექტი მოიცავს 41 ნომრიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო კორპუსს, ცალკე მდგომ დასასვენებელ სახლებს, სარესტორნო კომპლექსს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, ღვინის  მუზეუმს და სპორტულ-საბავშვო მოედნებს.  

ზემოაღნიშნული ტურისტული კომპლექსი მჭიდროდ  კავშირში იქნება ეკო ტურიზმის თემატიკასთან.  აქ წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი, ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც მათ შორის კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იქნება მოყვანილი. ამასთან გაცნობებთ, რომ  კომპანიამ უკვე შეიძინა რამდენიმე სავენახე მიწის ნაკვეთი, სადაც ბიო ტექნოლოგიით მოვლილ ტერიტორიებზე, გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ქართული ვაზის სახეობები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,სევსამორა ვილას“ საბაზრო ფასად 104 261 ლარად საკუთრებაში გადასცა  მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯიღაურასა და სოფელ საგურამოში, მდებარე 3 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.