სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ I კვარტალში 46 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება განკარგა
დრო: 2023-04-24 16:04:00

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა წარმატებით შეასრულა. საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვის შედეგად ჯამში 46 336 281 ლარის მობილიზება მოახდინა, საიდანაც უძრავი ქონების საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული 28 000 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში 29 552 567 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო, შედეგად, პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ 667 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.  

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირად გაყიდულ სახელმწიფო ქონებას:

 

მოგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების გაყიდვას აუქციონის წესით. ამ მიმართულებით ჯამში გამოცხადებული იყო 9147 აუქციონი, შედეგად გეგმით  გათვალისწინებული 1 875 000 ლარის ნაცვლად, სააგენტომ 2 965 647 ლარის ღირებულების მოძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა.

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. სააგენტო მომავალშიც აქტიურად შეთავაზებს დაინტერესებულ პირებს მათ საჭიროებებზე და მოთხოვნილებებზე მორგებულ სხვადასხვა სახელმწიფო აქტივს.

ქალაქ ახალციხეში საბაგირო-სადგურის მიმდებარედ სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა მოეწყობა
დრო: 2023-04-04 16:04:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს საინვესტიციოდ გამზადებული ქონების პრივატიზაციის პროცესს. სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, ქალაქ ახალციხეში, საბაგირო-სადგურის მიმდებარედ 25 963 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 530 000 ლარად გაყიდა. საპრივატიზებო პირობის მიხედვით ინვესტორი  უძრავ ქონებაზე 36 თვის ვადაში სასწყობე-სამაცივრე მეურნეობას მოაწყობს და 1 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას და ფერმერებს მიცემს შესაძლებლობას დაასაწყობონ წარმოებული პროდუქცია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასაწყობე მეურნეობაში.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე სამტრედიის სასაწყობე მეურნეობას ეწვია
დრო: 2023-02-20 13:06:46

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე სამტრედიის სასაწყობე მეურნეობას ეწვია. სააგენტოს თავმჯდომარემ  USAID-ის  HICD პროგრამის დახმარებით განხორციელებულ მარაგებისა  და სასაწყობო ლოჯისტიკის მართვის სისტემის განვითარების პროექტზე და მის შედეგებზე ისაუბრა.

2022 წელს სააგენტომ  USAID-ის  HICD პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით განახორციელა მარაგების მართვისა და სასაწყობე ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხების დეტალური შესწავლა,  შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მარაგების მართვისა და სასაწყობო ლოჯისტიკის მართვის სისტემის განვითარება. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა საქონლის რეალიზაციის ვადის შემცირება, ბიზნეს პროცესების მართვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და სასაწყობო ოპერაციების ოპტიმიზაცია.

„აღნიშნულმა სისტემურმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ზრდას და სახელმწიფო ქონების შეძენით დაინტერესებული პირებისთვის შეძენის ვადის შემცირებას, 2022 წელს, დასავლეთ საქართველოში მოძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა 4 მილიონ ლარამდეა, რაც 2021  წლის მაჩვენებელზე 1მლნ ლარით მეტია. ჩვენი მიზანია მეტად პროაქტიულად დავგეგმოთ 2023 წლის გაყიდვები. მნიშვნელოვანია USAID-ის  HICD პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების სრულად განხორციელება, რათა უფრო მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდეს 2023 წელს.“ - განაცხადა გიორგი დუგლაძემ.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ დეპარტამენტს ეწვია
დრო: 2023-02-13 13:35:30

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ დეპარტამენტს ეწვია. იგი ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს და ადგილობრივ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გიორგი დუგლაძემ შეაჯამა 2022 წელი, ისაუბრა იმერეთის რეგიონში განხორციელებულ პრივატიზების შედეგებზე და სააგენტოს 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე.

„2022 წელს დასავლეთ საქართველოში, არაერთ მსხვილ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიზანია რეგიონის განვითარების ხელშეწყობა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სააგენტომ დასავლეთ საქართველოში 90 მილიონი ლარის  ღირებულების ქონების პრივატიზება მოახდინა. ამასთან, ჩვენს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ბიზნეს პროცესების მართვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ზრდა და სახელმწიფო ქონების შეძენით დაინტერესებული პირებისთვის მომსახურების ვადების შემცირება,“ - განაცხადა გიორგი დუგლაძემ.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, გიორგი დუგლაძე ასევე ესტუმრა ფოთის მომსახურების ცენტრს და გაეცნო იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს.

მიმდინარე წელს, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტო აქტიურად გააგრძელებს თანამედროვე სტანდარტების და მიდგომების დანერგვას მომსახურების პროცედურების ოპტიმიზაციის კუთხით.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში სააგენტოს მიერ პრივატიზებულია თითქმის 90 მილიონი ლარის  ღირებულების  300-მდე სხვადასხვა ტიპის ობიექტი.

საანგარიშგებო პერიოდში ინიცირებული საინვესტიციო პროექტებიდან თავისი მასშტაბურობით მნიშვნელოვანია პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს წყალტუბოს, როგორც მსოფლიო დონის სპა-კურორტის აღდგენას და მისი ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

პრივატიზების ტემპის დაჩქარების მიზნით შემუშავდა პროექტი „საინვესტიციო შესაძლებლობები ქუთაისში“, რომლის ფარგლებშიც გასხვისდა და ახალ ფუნქციას შეიძენს ქალაქის ცენტრში მდებარე „ქუთაისის პრესის სახლის შენობა“.  სასაწყობე/ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობის პირობით გაიყიდა კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარედ, სოფელ იანეთში არსებული ტერიტორია. ამავე არეალში, განსაკუთრებული ეკონომიკური რეგულირების ზონის სტატუსი მიენიჭა და ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა უძრავი ქონება, სადაც მრავალფუნქციური კომპლექსი მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, დასავლეთ საქართველოში, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ყიდვაზე. აღნიშნულ პერიოდში  განიკარგა 6000 ჰა-ზე მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწა, მათ შორის  როგორც იჯარის, ისე პრივატიზების ფორმით.  სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ნაკვეთების გამოსყიდვის შედეგად ფერმერების საკუთრებაში გადავიდა  200 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები.

სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაცია გრძელდება
დრო: 2022-11-17 12:07:52

სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  ქვეყნის მასშტაბით 63 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების მქონე 148 ობიექტი გასაყიდად გამოიტანა. ამასთან, ელექტრონულ აუქციონზე განმეორებით გამოტანილი ობიექტები ფასდაკლებით იყიდება. საპრივატიზებო ობიექტებს შორის არის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიმდებარედ არსებული 563 991 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შპს „ზუგდიდის ფარმაციის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, სს „ხობის ნავთობპროდუქტის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 15 400 ცალი ჩვეულებრივი აქცია, შპს „იუნიორმშენის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 60%-იანი წილი და სხვა საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო აქტივი. ელექტრონული აუქციონები 29 ნოემბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.  ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

საპრივატიზებო ობიექტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე - http://bit.ly/3hOTDkV

 

ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა აუქციონზე გაყიდა
დრო: 2022-10-21 23:45:00

სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე N37ა-ში მდებარე 2845.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, საზოგადოებისთვის ცნობილი როგორც პრესის სახლის ყოფილი შენობა,  ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა.

აუქციონი მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და უძრავი ქონება 154 ბიჯით, 3 145 000 ლარად ფიზიკურმა პირმა მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა. აღსანიშნავია, რომ დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში,  უძრავი ქონება აუქციონზე განმეორებით იყო გამოტანილი და მის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 1 605 000 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ობიექტი ბოლოს მიმდინარე წლის  აგვისტოშიც იყო გამოტანილი, თუმცა  აუქციონი არ შედგა. ლოტის საპრივატიზებო ღირებულება 2 407 500 ლარს შეადგენდა.

სულ მიმდინარე წელს პრივატიზებიდან მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 219 622 980  მლნ. ლარი შეადგინა, რაც აღემატება წინა წლების პრივატიზების მონაცემებს.

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.  ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეგიონის მასშტაბით სტაჟირების კონკურსს აცხადებს
დრო: 2022-08-22 14:08:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეგიონის მასშტაბით მიწის აზომვითი სამუშაოების შესასრულებლად სტაჟიორების კონკურსს აცხადებს. წარმატებული სტაჟიორები სააგენტოს რეგიონულ ქვედანაყოფებში დასაქმდებიან.

 სტაჟიორები შეირჩევიან კონკურსის წესით. სტაჟირების ხანგრძლივობა  2-დან 3 თვემდეა. აღნიშნულ პერიოდში კონკურსში გამარჯვებულები  გაივლიან როგორც თეორიულ, ასევე აზომვით სამუშაოებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ სწავლებას, დაეუფლებიან გეოლოგიურ და გეოფიზიკურ ხელსაწყოებთან მუშაობის წესებს.

სტაჟირების გავლის შემდგომ 12 წარმატებული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს რეგიონულ ქვედანაყოფებში  (დასავლეთ საქართველოსა და  სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტი, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული სამსახურები) დასაქმდება.

სტაჟირების განაცხადი იხილოთ ბმულზე:  HR@GOV.GE

დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  14 20

მასშტაბური პრივატიზების პროექტი იმერეთის რეგიონში
დრო: 2022-06-16 15:22:57

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით გამართულ ერთობლივი პროექტის პრეზენტაციაზე „საინვესტიციო შესაძლებლობები ქუთაისში“, ბიზნეს სექტორს 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 25  საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონება წარუდგინა, მათ შორის 4 დეველოპერული, 10 მულტიფუნქციური, 9 სამრეწველო-სასაწყობე და 2 სასტუმროს ბიზნესისთვის საინტერესო ობიექტი. საპრივატიზებო ობიექტებს შორის არის  ყოფილი „ქუთაისის საკონსერვო ქარხანა“, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, ბიზნეს გეგმა, ფინანსური მოდელი და არქიტექტურული რენდერი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით “Cushman & Wakefield Georgia”-მ მოახდინა. ასევე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციის შენობა, ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა და სხვა. საპრივატიზებო ობიექტები ელექტრონულ აუქციონზე უახლოეს მომავალში  განთავსდება და ყველა დაინტერესებულ პირს აუქციონში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ექნება. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ განვითარების პროექტს იმერეთის რეგიონში.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების ბაზრის წამყვანი მოთამაშეა და ფლობს მრავალფეროვან სახელმწიფო აქტივს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა 170 მლნ ლარს გადააჭარბა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტოს გერმანული დელეგაცია ეწვია
დრო: 2022-06-02 13:52:22

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკის  მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ და სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძემ GIZ-ის და Berlin Economics-ის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბების და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაფართოების ახალი შესაძლებლობები.  ასევე, განხილული იქნა ისეთი მიმდინარე საკითხები, როგორიცაა მხარდაჭერა პრივატიზების პოლიტიკის განსაზღვრასა და ინვესტიციების მოზიდვაში, სახელმწიფო ქონების  საპრივატიზებოდ მომზადებასა და მოძრავი ქონების მართვაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს 2016 წლიდან GIZ-ის მხარდაჭერით და ამჟამად ხორციელდება Berlin Economics-ის მიერ. მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების მართვის საკითხებში გერმანული მხარის გამოცდილების გაზიარებას.

წყნეთის სამთავრობო აგარაკები 47მილიონ ლარად გაიყიდა
დრო: 2022-04-15 15:58:57

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე ე.წ. წყნეთის სამთავრობო აგარაკები 47 000 000 ლარად გაყიდა. ელექტრონული აუქციონი ორ ეტაპად გამოცხადდა. გასაყიდად გამოტანილი იყო 30 უძრავი ქონება, რომლის ჯამური საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 40 660 000 შეადგენდა.  აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მაღალი დაინტერესება დაფიქსირდა და შესაბამისად, მთლიანობაში გასხვისებული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 47 000 000 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.  ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

სააგენტო აქტიურად აგრძელებს დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს ძველ შეთავაზებებთან ერთად,  ახალ ობიექტებსაც წარუდგენს.

ე.წ „რიყის დოქები“ 10 020 000 ლარად გაიყიდა
დრო: 2022-03-24 17:44:03

თბილისში, რიყის ტერიტორიაზე განთავსებული 14 591კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა, საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც „რიყის დოქები“, ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად კომპანია Global Victory Trust-მა იყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებულია 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ობიექტის სამომავლო განვითარება ხელს შეუწყობს რიყის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის გაჩენას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს და გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" ეწვია
დრო: 2022-02-24 10:35:08

იცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეწვია, ორგანიზაციის მაღალი და საშუალო რანგის მენეჯმენტს შეხვდა და გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა.

პრეზენტაცია სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი დუგლაძემ გამართა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია.

სააგენტოს თავმჯდომარემ ვიცე-პრემიერს გააცნო ორგანიზაციის სტრუქტურა, მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები, აგრეთვე მიაწოდა ინფორმაცია როგორც 2012 – 2021 წლებში გეგმის მიხედვით პრივატიზებიდან შემოსული თანხების შესახებ, აგრეთვე მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთაც სააგენტო ახორციელებს. მათ შორის, პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომელიც 2021 წელს ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ კიდევ უფრო გაფართოვდა. შედეგად, 2021 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 293 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 431 ობიექტი გასხვისდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს პროგრამის ფარგლებში 156 აუქციონი უკვე გამოცხადდა. პრეზენტაციის თანახმად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც 2014 წლიდან ბიზნესის სტიმულირების მიზნით ხორციელდება, უძრავი ქონება 128 ბენეფიციარს გადაეცა, მოსალოდნელი ინვესტიციის რაოდენობაა 232 მლნ ლარზე მეტი, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი - 11,000 - მდე ადამიანი.

პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა სააგენტოს მონაწილეობაზე ისეთ სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია“, რომლის ფარგლებში პროგრამის 32 ბენეფიციარს 25-წლიანი იჯარით მიწა ჩაის პლანტაციების გაშენება - მოვლისათვის 577 ჰა მიწის ფართობი გადასცა. სააგენტო ასევე მონაწილეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბი - საძოვრების რადიონალურად გამოყენების პროგრამაში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცხოველეობის განვითარებას.

გაწეული საქმიანობის ანგარიშის შემდეგ, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ 2022 წელს სააგენტო გეგმავს, ჯამურად, 400 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების პრივატიზებას. მათ შორისაა, სახელმწიფო საწარმოები, სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ფართობები და სხვა, ასევე სააგენტოს სააგენტო გეგმავს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც გაამარტივებს სააგენტოში არსებულ პროცესებს.

შეხვედრის დასასრულს, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სააგენტოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. მისი თქმით, სამომავლოდ გაგრძელდება სახელმწიფო ქონების ეტაპობრივი განკერძოება, ზარალიანი საწარმოების რესტრუქტურიზაცია და გაგრძელდება პრივატიზების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ.