ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში საკვები პროდუქტების საწარმო შეიქმნება
დრო: 2016-05-18 00:05:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ფრეკოს“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში 1386კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა გადასცა.

შპს „ფრეკო“ საკვები პროდუქტების საწარმოს შექმნის და მიმიმუმ 150 ტონა კარტოფილი ფრის წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოს შესაქმნელად არანაკლებ 67 920 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და სულ მცირე 20 ადამიანი დასაქმდება.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 171 საწარმო დაფინანსდა. მთლიანი ინვესტიციები 395 მილიონ ლარს აჭარბებს და 7590-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. 

გარდაბანის რაიონის სოფელ თელეთში მაღალტექნოლიგიური მეფრინველეობის საწარმო შეიქმნება
დრო: 2016-05-18 00:05:00

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „როსტერი“ გარდაბანის რაიონის სოფელ თელეთში მეფრინველეობის საწარმოს შექმნის. აღნიშნულის განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „როსტერს“ 4358 კვ.მ.მიწის ნაკვეთი გადასცა.

მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის საწარმო წელიწადში არანაკლებ 75 ტონა ქათმის ხორცის წარმოებას უზრუნველყოფს. შპს „როსტერი“ 143 120 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს და   სულ მცირე 20 სამუშაო ადგილს შექმნის.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 171 საწარმო დაფინანსდა. მთლიანი ინვესტიციები 395 მილიონ ლარს აჭარბებს და 7590-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება
დრო: 2016-05-13 00:05:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში „შპს „თ.ე.მ.ი ქაფბლოკს“ 259836 ლარად ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში 4189.00 კვ.მ.არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა გადასცა.

„შპს „თ.ე.მ.ი ქაფბლოკი“ უზრუნველყოფს არანაკლებ 1 525 000 ცალი ცემენტის სამშენებლო ბლოკის წარმოებას, რისთვისაც 1 039 344 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში სულ მცირე 15 ადამიანი დასაქმდება.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა. მთლიანი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აჭარბებს და 7500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს 

ქალაქ ფოთში ახალი სასაწყობო მეურნეობა შეიქმნება
დრო: 2016-05-13 00:05:00

ქალაქ ფოთში ღია ტიპის, ერთდროულად არანაკლებ 150  ერთეული, 40 ფუტის ტევადობის საზღვაო კონტეინერის განთავსების შესაძლებლობის მქონე სასაწყობო მეურნეობა აშენდება. ამ მიზნით, არანაკლებ 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ახალი კონტეინერების საწყობის მშენებლობას კომპანია „აისბერგ ფოთი" უზრუნველყოფს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „აისბერგ ფოთს" ქ. ფოთში, ლარნაკას ქუჩა N7-ში მდებარე 2248 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 150 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.

ტერმინალის მოწყობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტვირთების გადამუშავების ტემპის გაზრდას. ასევე გაიზრდება ტერმინალის ტევადობა, შესაბამისად შესაძლებელი იქნება შუა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის განკუთვნილი ტვირთების დამატებითი რაოდენობების მოზიდვა. პროექტი დადებითად წაადგება ფოთისა და ზოგადად ქვეყნის სატრანზირო ფუნქციის ზრდას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება
დრო: 2016-05-13 00:05:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ასკანგელ ალიანსს“სიმბოლურ ფასად, 1ლარად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში30 294 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა გადასცა.

შპს „ასკანგელ ალიანსი“უზრუნველყოფს არანაკლებ 10 000 ტონა ბენტონიტური თიხის წარმოებას წლიურად, რისთვისაც არანაკლებ 175 896 ლარის ინვესტიციის განახორციელებს. რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე გაზრდის ქართული პროდუქციის წარმოების რაოდენობას და დადებითად აისახება ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე. საწარმოში სულ მცირე 25 ადამიანი დასაქმდება.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა. მთლიანი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აჭარბებს და 7500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

სოფელ მარტყოფში მესაქონლეობის მაღალტექნოლოგიური ფერმა გაიხსნება
დრო: 2016-05-13 00:05:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „მარტყოფის ბაგას“ მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმის (მერძეული-მეხორცეული) შექმნის მიზნით გარდაბანში, სოფელ მარტყოფში მდებარე 101980.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საინვესტიციო პირობებით გადასცა.

საინვესტიციო პირობების მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 509 408 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამასთან, კომპანია წლიურად უზრუნველყოფს არანაკლებ 1 000 000ლიტრი რძის და არანაკლებ 2 500 კილოგრამი საქონლის ხორცისწარმოებას. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქციის წარმოების რაოდენობის გაზრდას, რაც დადებითად აისახება ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე.    

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა. ამასთან, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 400 მილიონ ლარს აჭარბებს და 7 500 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

 

მიწის რეგისტრაციის პროცესში, ბიუჯეტიდან აზომვითი სამუშაოს ხარჯების სუბსიდირება მოხდება
დრო: 2016-04-05 00:04:00

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ განხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, უფლება დაურეგისტრირებელი, ან კერძო საკუთრებად დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯების ანაზღაურება. ამ საკითხზე მსჯელობისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში მოქმედ საამზომველო კომპანიების წარმომადგენლებსა და და კერძო ამზომველებს შეხვდა. ვიცე-პრემიერთან ერთად შეხვედრას ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა, რომელსაც 400-მდე ამზომველი ესწრებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიის დაწყებამდე ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა მიწის რეგისტრაციისა და საკადასტრო აზომვითი ხარჯების სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების წესის შესახებ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ამზომველებს ასევე დეტალურად განუმარტა ის პროცედურები, რომლითაც ამზომველებმა სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
"მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ ახალი რეფორმა მიწასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ განვახორციელოთ გლეხის მხარდაჭერა თქვენი მომსახურების მიღებაში და გამოვნახოთ რეზერვები ბიუჯეტში იმისთვის, რომ რეგისტრაციების ნაწილში მოხდეს აზომვების ხარჯების სუბსიდირება. ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, ვიცით, ვის რა ფასი აქვს დაფიქსირებული აზომვით ნახაზებზე და ამის შესაბამისად დავაფიქსირეთ ზედა ზღვრები, თუ რისი გადახდა შეუძლია სახელმწიფოს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. დღეს სწორედ თქვენთან ერთად გვსურს განვიხილოთ ჩვენი გეგმა და ვიმსჯელოთ ყველა დეტალზე, რათა შევძლოთ ამ პროექტის სრულყოფილად განხორციელება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კერძო საკუთრების რეგისტრაცია, რათა მაღალი ეკონომიკური ეფექტი მივიღოთ ამ რეფორმიდან", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა მხარეებს შორის მოსაზრებების გაცვლისა და კონკრეტული, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის პროცესი და აღნიშნა, რომ მთავრობა, საბოლოო განკარგულების გამოცემამდე, საკადასტრო-საამზომველო სფეროს სპეციალისტების მოსაზრებებსა და შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებს. "ჩვენ თქვენთან საკომუნიკაციოდ გვექნება ცხელი ხაზი და ელექტრონული მისამართი იმისთვის, რომ თქვენგან დამატებითი რეკომენდაციები მივიღოთ ამ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

განმუხურში ათი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
დრო: 2016-04-04 00:04:00

შპს „ბლექ სი რივერა“ სოფელ განმუხურში მინიმუმ 120 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ პირობებიან ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. უძრავი ქონება 33951 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო მიწას და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მოიცავს, ხოლო მისი საწყისი საბაზრო ღირებულება 2 263 500 ლარად იყო განსაზღვრული.

 საინვესტიციო პროექტის მიხედვით „ბლექს სი რივერა“ სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოაწყობს ღია და დახურული საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს და ჩოგბურთის კორტებს. ობიექტი ასევე უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით და კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. პროექტის განხორციელება მაქსიმუმ 60 თვის ვადაში მოხდება. მისი საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ ათ მილიონ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.

ბაკურიანში დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
დრო: 2015-03-16 00:03:00

შპს „ჯინო ველნეს გრუპი“ დაბა ბაკურიანში დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრისასაშენებლად 4 200 000 ლარის ინვესტირებას განახორციელებს.

აღნიშნული პროექტისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ 76308 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ინვესტორებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით 500 000 ლარად საკუთრებაში საინვესტიციო პირობებით გადასცა.

პროექტის მიხედვით, ბაკურიანში მოეწყობა 500 ადამიანზე გათვლილი დასასვენებელი და გასართობი პარკი, ღია და დახურული ტიპის აუზები, რესტორნები, კაფე-ბარებიდა ფიტნეს გამაჯანსაღებელი ზონა.

წყალტუბოში ინვესტიციები გრძელდება
დრო: 2016-03-14 00:03:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქალაქ წყალტუბოში მდებარე კიდევ ერთი ყოფილი სანატორიუმი „ცისკარი“ ელექტრონულ აუქციონზე პირობებიანი ფორმით 160 000 ლარად გაყიდა. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად შპს „არგო“ გამოვლინდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა სულ მცირე 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც მოიცავს უძრავ ქონებაზე 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა–რეკონსტრუქციას, აღჭურვას და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობას. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე, არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა.  

სანატორიუმი „ცისკარი“ რიგით მესამე ობიექტია, რომელიც სახელმწიფომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაყიდა. შეგახსენებთ, რომ სანატორიუმი „მეშახტის“ ბაზაზე, არანაკლებ 100-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება, ხოლო ყოფილი სანატორიუმი „ივერიის“ ტერიტორიაზე ინვესტორები 6 000 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებენ. შედეგად, კურორტი წყალტუბო 100-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს და არანაკლებ 310 სასტუმრო ნომერს მიიღებს.

ყაზბეგში 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
დრო: 2016-02-16 00:02:00

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მძიმეწონიანი მანქანების ავტოსადგომისა და სასაწყობე მეურნეობის მოწყობის პროექტის განხორციელების მიზნით შპს „მერფი ყაზბეგს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 49 წლის ვადით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფანშეტში მდებარე 52 932 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო პირობებით გადასცა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე 200 სატვირთო ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი და სასაწყობე მეურნეობა მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს 20 საწოლზე გათვლილ სასტუმროს მშენებლობას და არანაკლებ 300 კვ.მ. ფართის მქონე სწრაფი კვების ობიექტის მოწყობას. ჯამში კომპანია 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

პროექტი ხელს შეუწყობს ფასანაური-ნატახტარის მონაკვეთზე ტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდას და უზრუნველყოფს სტიქიური მოვლენების, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს ავტოსატრანსპორტო ნაკადის გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას.

შპს „მერფი ყაზბეგი“ ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფოს სასარგებლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული კონფიგურაციით არანაკლებ 2000 კვ.მ. ფართობზე მოაწყოს ასფალტის ან/და ბეტონის საფარი საჭირო კომუნიკაციებით (მათ შორის: ელექტრო ენერგიით, წყლით და ბუნებრივი აირით) და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. ამავე ვადაში კომპანია სახელმწიფოს სასრგებლოდ, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან სარგებლობაში გადასაცემ უძრავ ქონებამდე მისასვლელი ბეტონის ან/და ასფალტის საფარიანი საავტომობილო გზის და ხიდის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან - საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით.

 

ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება
დრო: 2016-02-05 00:02:00

სამედიცინო სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  შპს „დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის“ 95%-იანი წილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“  200 000 ლარად შპს „ლჯ და კო - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს“ საკუთრებაში გარკვეული პირობებით გადასცა. 
სახელმწიფოს წინაშე ინვესტორი  ვალდებულებას იღებს, რომ 18 თვის ვადაში მინიმუმ 2 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას  განახორციელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება 68 საწოლზე იქნება გათვლილი.
სამედიცინო ცენტრში განთავსდება: 
•    არანაკლებ 18  საწოლზე გათვლილი ტუბერკულოზის და ფილტვის  განყოფილება;
•    არანაკლებ 6 საწოლიანი  კრიტიკული მდგომარეობისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება;
•    არანაკლებ 6 ბოქსირებული ინტენსიური პალატა ბოქსის წინა ოთახებით განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებათა მკურნალობისათვის;
•    ვირუსული დაავადებების (მათ შორის ჰეპატიტების, შიდსისა და სხვა) მკურნალობისათვის არანაკლებ  20  საწოლზე გათვლილი განყოფილება;
•    ნაწლავური და ჰაერწვეთოვანი ინფექციური დაავადებების მკურნალობისთვის არანაკლებ 18   საწოლიანი განყოფილება; 
•    მრავალპროფილური ამბულატორიული დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელიც აღჭურვილი იქნება ბიოუსაფრთხოების მე - 2 დონის მრავალპროფილური ლაბორატორიით.
•    ასევე აშენდება დამხმარე მასალების და სამედიცინო ნარჩენების ინსინერატორი.