ქუთაისში კიდევ ერთი მაკდონალდსი გაიხსნება
დრო: 2016-09-14 17:09:00

ქალაქ ქუთაისში დავით აღმაშენებლის მოედანზე მაკდონალდსის კიდევ ერთი ახალი სწრაფი კვების რესტორანი აშენდება, რისთვისაც  შპს „თ და კ რესტორნები“ 2 800 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მაკდონალდსის სწრაფი კვების რესტორანში სულ მცირე 40 ადამიანი დასაქმდება.

 აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „თ და კ რესტორნებს“ ქ. ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, N1, თბილისის ქუჩა N1-ში მდებარე 1416.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 885 000 ლარად  საკუთრებაში გადასცა.

 

 

მარტვილის რაიონში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
დრო: 2016-09-14 17:09:00

 

მარტვილში, სოფელ სალხინოში უახლესი ტექნოლოგიების და ტენდენციების შესაბამისი, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. საწარმოში მოეწყობა ჩაის სადეგუსტაციო–სადემონსტრაციო დარბაზს. კომპანია 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მარტვილს“ 25 000 ლარად სოფელ სალხინოში მდებარე 7938.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

შპს „მარტვილს“ ჩაის წარმოებისა და რეალიზაციის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  კომპანია ამჟამად აწარმოებს ჩაის შემდეგ სახეობებს: შავი ბაიხის ჩაი, მწვანე ბაიხის ჩაი, შავი ჩაი „კლასიკური“, შავი ჩაი N1 ინტენსიური, შავი ჩაი N3 მსუბუქი, მთის ველური ქართული შავი ჩაი, მთის ველური ქართული თეთრი ჩაი, ქართული მეწამული ჩაი, მოცვის ფოთლის ფერმენტირებული და ფიქსირებული ჩაი, კომშის ფოთლის ფერმენტირებული და ფიქსირებული ჩაი.

 

ლანჩხუთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
დრო: 2016-09-14 17:09:00

რკ „გურიის თხილი“ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ქალაქ ლანჩხუთში თხილის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩა N 76-ის მიმდებარედ 1700.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  „გურიის თხილს“ სიმბოლურ ფასად გადასცა.

საინვესტიციო პირობების მიხედვით კომპანია 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 30 ადამიანი დასაქმდება. კომპანია წლიურად 100 ტონა თხილის გადამუშავებას გეგმავს.  საწარმოს ამოქმედების შემდეგ ფერმერი მოსავალს თავის რეგიონში ჩააბარებს, რაც დამატებით ტრანსპორტირების ხარჯებს ააცილებს.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 202 საწარმო დაფინანსდა. ამასთან, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 428 მილიონ ლარს აჭარბებს და 8 600 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

 

სახელმწიფომ პირველ ბენეფიციარს აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯები აუნაზღაურა
დრო: 2016-09-14 17:09:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ აზომვითი ნახაზის მომზადების საფასური პირველ ბენეფიციარს აუნაზღაურა, რომელმაც ოზურგეთის რაიონში სოფელ თხილნარში მის საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 0.23 ჰა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების მიზნით, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო  პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრს მიმართა. მოქალაქემ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია სრულიად უფასოდ შეძლო. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „გეოპროექტს“ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადების საფასური 70 ლარის ოდენობით აუნაზღაურა. დღეის მდგომარეობით პროექტის ფარგლებში სააგენტო 200-მდე განაცხადს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის მთლიანი მოცულობა ერთ მესაკუთრეზე 1,5 ჰა–დან 5 ჰა–მდეა  აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ანაზღაურებას. ასანაზრაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა შეადგენს 100 ლარს. თუ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი მოცულობა ერთ მესაკუთრეზე 1,5 ჰა–მდეა სახელმწიფოს მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა შეადგენს 80 ლარს.

აზომვითი ნახაზის მომზადება

  1. დაინტერესებული პირი მიწის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩასატარებლად მიმართავს ამზომველს;
  2. ამზომველი, დაინტერესებულ პირთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე ამზადებს მიწაზე შესაბამის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს.
  3. დაინტერესებული პირი ამზომველის მიერ შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მიმართავს საჯარო რეესტრს, მიწის პირველადი რეგისტრაციის ან/და დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის მიზნით.
  4. დაინტერესებული პირი საჯარო რეესტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას;

ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს;

გ) ამზომველის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს (ინვოისი);

დ) ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

  1. სააგენტო საჯარო რეესტრის მომართვიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამზომველისთვის  შესაბამისი ხარჯის ანაზღაურებას.

პროექტის ფარგლებში, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივნისი.

 

 

თბილისში ხორცპროდუქტების საწარმო შეიქმნება
დრო: 2016-08-18 00:08:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკეს“ “ქალაქ თბილისში, გმირი კურსანტების ქუჩის II შესახვევის #7-ში მდებარე    8991 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 4 ერთეული (დაახლოებით 680 კვ.მ) შენობა-ნაგებობა გადასცა. 
შპს „ „ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე“ უზრუნველყოფს  არანაკლებ 1450 ტონა მზა ან დაკონსერვებული ხორცის და ხორცის სუბპროდუქტების წარმოებას. საწარმო ჯამში 3 755 202 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და  190 ადამიანს დაასაქმებს.  
 

ქობულეთში ახალი საწარმო აშენდება
დრო: 2016-08-18 00:08:00

კომპანია „ენ-ეიჩ-ელ 43“ ქობულეთში დაბა ოჩხამურში მაკარონის, პურ-ცომეულისა და საკონდიტრო ნაწარმის გამომშვებ საწარმოს შექმნის. პროექტს სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოს ფარგლებში დაეჭირა მხარი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ენ-ეიჩ-ელ 43“-ს 40 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2 ერთეული შენობა-ნაგებობა გადასცა. საწარმოს მშენებლობა და წარმოების დაწყება ინვესტორებმა არაუმეტეს 2 წლის ვადაში უნდა უზრუნველყონ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ 320 000 ლარს შეადგენს.

შპს „ენ-ეიჩ-ელ 43“ წლის განმავლობაში 2160 ტონა სპაგეტის, მაკარონის, ვერმიშელის, ატრიას და 1560 ტონა პურის, ცომეულის და სხვა საკონდიტრო პროდუქტის წარმოებას შეძლებს. საწარმოში ჯამში 160 ადამიანი დასაქმდება. კომპანია სამომავლოდ თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანას აპირებს.

თბილისში ყავის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება
დრო: 2016-08-18 00:08:00

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის“ მიმდებარედ ყავის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შპს „კაფსულოს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორი ერთეული 12064 კვ.მ და 4928 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.

აღნიშნულ ობიექტებზე შპს „კაფსულო“ ყავის გადამამუშავებელ საწარმოს მშენებლობასთან ერთად საგამოფენო დარბაზების მოწყობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. პროექტის განსახორციელებლად კომპანია არანაკლებ 11 277 000 ლარს დახარჯავს და ჯამში 30 ადამიანს დაასაქმებს.

ყავის გადამამუშავებელი საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და წლის განმავლობაში სავარაუდოდ 500 ტონა მწვანე ყავის ნედლეულს შეისყიდის, ხოლო წარმოების წლიური მოცულობა დახლოებით 1200 ტონა იქნება. აღსანიშნავია, რომ შპს „კაფსულო“ გამოშვებული პროდუქციის 50%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლებმა ტრენინგი გაიარეს
დრო: 2015-08-12 00:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოთა თანამშრომლებისათვის ტრენინგის მეორე ეტაპი გამართა. ეკონომიკის სამინისტროს შენობაში გამართულ ტრენინგს 44 საწარმოს 60 წარმომადგენელი დაესწრო.

ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოთა საქმიანობის, ფინანსური ანგარიშგების პროცესის სრულყოფა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ტრენინგი

ორი მოდულისაგან შედგებოდა. ტრენინგს სახელმწიფო საწარმოთა მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ზღუდაძე და ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი კაპანაძე უძღვებოდნენ.

პირველ მოდულში განხილულ იქნასახელმწიფო საწარმოთა მონაცემთა შეგროვების განახლებული ფორმა (Data Collection Template), წარმოდგენილი იყო ინსტრუქცია მონაცემთა შეგროვების ფორმის შევსების შესახებ. ასევე, განხორციელდა ფინანსური უწყისების შევსებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი.

მონაცემთა შეგროვების ფორმა ძირითადად განკუთვნილია ფინანსური ხასიათის ანგარიშებისთვის. აღნიშნული ფორმის წარმოების ძირითად მიზანს წარმოადგენს ყოველწლიური ფინანსური უწყისების, იურიდიული ინფორმაციის და საოპერაციო მონაცემების შეგროვება და საბოლოოდ ანგარიშის სახით წარდგენის პრინციპების ჩამოყალიბება.

მეორე მოდული მოიცავდა სახელმწიფო საწარმოთა საკუთრებაში რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესს, საწარმოთა რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის და საწარმოების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცედურებს.

ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოთა თანამშრომლებისთვის ტრენინგების პირველი ეტაპი სააგენტოს იმერეთ–რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრში გაიმართა.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
დრო: 2015-08-17 00:00:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მირიან ჩაჩავამ,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ   და  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენელმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 მემორანდუმის მიზანია დევნილთა განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა      ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა, მათთვის გადასაცემი საერთო სარგებლობის ფართების იდენტიფიცირება, გადაცემის უზრუნველყოფა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემული საერთო სარგებლობის ფართებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში  გასცემს წერილობით თანხმობას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნასთან და წევრობასთან დაკავშირებით დევნილთა განსახლების იმ მრავალბინიან სახლებში, რომელშიც სახელმწიფო საკუთრებაშია საცხოვრებელი და საერთო სარგებლობის ფართების ნაწილი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კი  განიხილავს დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები უძრავი ქონების მესაკუთრეთა განცხადებებს სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შუამდგომლობის შესახებ,  ამზადებს იმ განსახლების ობიექტების სიას, სადაც უნდა შეიქმნას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  კი  უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემული საერთო სარგებლობის ფართებზე, საკუთრების უფლების კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, თუ რომელიმე მხარე არ შეატყობინებს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

მიწის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურს სახელმწიფო აანაზღაურებს
დრო: 2016-08-05 00:08:00

მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების საფასურის ანაზღაურება ამზომველებისთვის.

მითითებული კანონის საფუძველზე გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება, რომელიც არეგულირებს წარმოებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის  ანაზღაურების საკითხს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მხოლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოების დაფინანსება, ამზომველის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების გზით.

ანაზღაურების წესი და პირობები:

  • ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰა-ს ფარგლებში;
  • ზღვრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) 1,5 ჰა-მდე მიწაზე – ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე არაუმეტეს  80 ლარის ოდენობით;
ბ) 1,5 ჰა-დან  5 ჰა-მდე მიწაზე – ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით;”

ანაზღაურებას არ ექვემდებარება მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თუ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწა, რეესტრში დარეგისტრირდა გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე ცალკე რეგისტრაციის ობიექტებად (სხვადასხვა საკადასტრო კოდის მქონე დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთებად).

პროცესი იწყება დაინტერესებული მხარის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განაცხადის წარდგენის გზით, მიწის პირველადი რეგისტრაციის ან/და დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის მიზნით.

დაინტერესებული პირი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციის მიზნით წარადგენს კანონმდებლობით განსაზღრულ დოკუმენტაციას, მათ შორის, აზომვითი ნახაზების მომზადების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

  • ამზომველთან გაფორმებულ ხელშეკრულებას;
  • შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს;
  • გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს.
  • ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განხორციელდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რეგისტრაციის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ელექტრონული პორტალის (economy.napr.gov.ge)  მეშვეობით წარუდგენს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაინტერესებულ მხარესა და ამზომველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებას,  (ხელშეკრულება შესაძლოა მოიცავდეს ანგარიშის რეკვიზიტებს და ასახავდეს მომსახურების ხარჯებს) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტს, გაწეული მომსახურების ხარჯების და ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების ამსახველ დოკუმენტს შემდგომში ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიღებული დოკუმენტაცია სრულყოფილია, მაშინ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებისთვის  გაწეული ხარჯების ანაზღაურება ამზომველისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

დაინტერესებული პირი პასუხისმგებელია ამ წესის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასში მოყვანილი ინფორმაციის ნამდვილობასა და სიზუსტეზე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 10 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების განუხორციელებლობა ჩაითვლება ანაზღაურებაზე უარის თქმად, რაც შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დაინტერესებულ პირთა მიერ ანაზღაურების მიღების მიზნებისთვის სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განაცხადის წარდგენის ვადაა არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისი.

ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუში

დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია თავისუფალი ფორმატის ხელშეკრულების გაფორმება.

ამზომველების მონაცემთა ბაზა

 

თბილისში ფარმაცევტული საწარმო გაიხსნება
დრო: 2016-07-28 00:07:00

სს „ბიომედიკალს გეო“ 10 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ფარმაცევტულ საწარმოს შექმნის. საწარმოში 50 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ სს „ბიომედიკალს გეოს“ საკუთრებაში 500 000 ლარად ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე 2802 კვ.მ და აკადემ-ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე 18966 კვ.მ, მიწის ნაკვეთი გადასცა.

აღნიშნულ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 42 თვის ვადაში შეიქმნება და ფუნქციონირებას დაიწყებს ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი საწარმო.

 

თბილისში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება
დრო: 2016-07-21 00:07:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს  „ოლიმპიკს” ქალაქ თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩა N13-ში მდებარე 29 322 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა. აღნიშნული ქონება სააგენტომ შპს „ოლიმპიკს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 000 000 ლარად გადასცა.

გადაცემულ უძრავ ქონებაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა არის დაგეგმილი. კომპლექსი მოიცავს სპორტულ მოედნებს, 2 000 ადამიანის ტევადობის ტრიბუნას, კვების ობიექტებს და ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს. სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის და ინფრასტრუქურის მოსაწყობად შპს „ოლიმპიკი“ მთლიანობაში 4 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.