წყალტუბოში 6 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება
დრო: 2016-01-26 00:01:00

ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ივერია“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობებიანი აუქციონის ფორმით 253 000 ლარად გაყიდა.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი წყალტუბოში 160 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება. სასტუმროში განთავსებული  იქნება საკონფერენციო დარბაზები და რესტორანი, ასევე აშენდება 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.

წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყოფილი სანატორიუმი „ივერია“ რიგით მეორე ობიექტია, სადაც სასტუმროს მშენებლობა განხორციელდება. შეგახსენებთ რომ 2015 წლის ზაფხულში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქ წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „მეშახტე“ გაიყიდა, სადაც არანაკლებ 100 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება.

იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცემათ
დრო: 2016-01-22 00:01:00

საქართველოს მასშტაბით 307 ოჯახს სახელმწიფოსგან უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცემა. აღნიშნული უძრავი ქონება თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ხაშურში და ამ ქალაქების მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებში მდებარეობს.

2013 წლიდან დღემდე იძულებით გადაადგილებულ პირებს 11593 სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცათ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან კოორდინაციით მიმდინარეობს დევნილის სტატუსის მქონე პირთათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პროცესი.

ამასთან, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის გამოყოფილი იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-მდე შენობა-ნაგებობა. აღნიშნულ შენობებზე მიმდინარეობს დევნილთა სამინისტროს მხრიდან სხვადასხვა სამუშაოები (აზომვითი, სარეგისტრაციო, სარემონტო და ა.შ) და მათი დასრულების შემდგომ მოხდება ქონების იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კერძო საკუთრებაში გადაცემა.

 

სამუშაო შეხვედრა სააგენტოსა და საიას წარმომადგენლებს შორის
დრო: 2015-12-17 00:12:00

16 დეკემბერს  ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარმომადგენელის ნატალია ბარათაშვილის ორგანიზებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მირიან ჩაჩავა, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან მენაბდე, საწარმოთა მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ზღუდაძე და დაგეგმვისა და კონტროლის სამსახურის უფროსი მაკა მიქაბერიძე, ხოლო საიას მხრიდან -  სულხან სალაძე, გულისა კახნიაშვილი, ნინო სუხიშვილი და თავად ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარმომადგენელი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოთა ოპტიმიზაციის პროცესი, მართვის პრობლემური საკითხები, მენეჯერული რგოლისა და დირექტორების კონკურენტული შერჩევის გზით დანიშვნის შესაძლებლობა, საწარმოების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და კორუფციის რისკების პრევენციის საკითხები. ასევე,  განხილულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება. მხარეებს შორის გამოითქვა მოსაზრება სააგენტოსა და საიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, ასევე საზოგადოების ინფორმირების მიზნით  საჯარო დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა. გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელეს ექსპერტის მოწვევისა  და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობაზე, რისთვისაც პირველ ეტაპზე მოხდება იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებზეც მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება.სააგენტო მომავალშიც აქტიურად  ითანამშრომლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან სხვადასხვა პრობლემური  საკითხების განსახილველად.

 

სააგენტოს თავმჯდომარე ფერმერთა ასოციაციის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო
დრო: 2015-12-16 00:12:00

15 დეკემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონული ტურნეს შემაჯამებელი, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო სააგენტოებისა და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. მოწვეულ წევრებს შორის იყო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური.  შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის სოფლის მეურნეობის დარგში დღეს არსებული გამოწვევების წარდგენა.  შეხვედრაზე მიღწევების გარდა,  საუბარი შეეხო ფერმერთა წინაშე არსებულ სირთულეებსაც.

გასული თვის განმავლობაში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე შეხვდა ფერმერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, გურია, ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი და იმერეთი). შეხვედრებისას ფერმერებს დაურიგდათ „ფერმერთა გზამკვლევი", ასევე, მათ გადაეცათ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დამზადებული „აუქციონში მონაწილეობის მიღების ინსტრუქცია", რაც ფერმერთა უკეთ ინფორმირებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ დაიწყება მუშაობა გამოვლენილი პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრის სტრატეგიაზე, რომელიც ფერმერებს ახალი რეგიონული ტურნეს ფარგლებში წარედგინებათ.

ქველმოქმედება სააგენტოს სამეგრელოს მომსახურების ცენტრის თანამშრომლებისგან
დრო: 2015-12-16 00:12:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა ქალაქ ფოთში მცხოვრებ ლალი გეგეჭკორის უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. სააგენტოს თანამშრომლებმა ოჯახს კვების პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. საქველმოქმედო აქციის მიზანია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. 

სახელმწიფომ „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ მიწის ნაკვეთი გადასცა
დრო: 2015-11-20 00:11:00

„ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ თბილისში მიწის ნაკვეთი გადაეცა - ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 19 ნოემბრის სხდომაზე მიიღო.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინიცირებით,  თბილისში, დიდგორის ქ. N64-ში მდებარე 6493 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა  „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით,  20 წლის ვადით, ქონების საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენების პირობით გადაეცა.  ამ თემაზე დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ეკატერინე სისაურმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, გადაცემული ქონების ბაზაზე ფონდი საქმიანობის მასშტაბის გაზრდას და მისი ზრუნვის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის უფრო სრულყოფილი გარემოს შექმნას გეგმავს.
„ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“  დამფუძნებელმა, თინათინ ჩხვიმიანმა საკითხის ინიცირებისთვის დიმიტრი ქუმსიშვილს და სამინისტროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები, რომლებიც ძირითადად რეგიონებიდან ჩამოდიან მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის, უფრო მეტად იქნებიან უზრუნველყოფილნი ახალი სახლით, რომელიც გადაცემულ ქონებაზე, სხვადასხვა შემოწირულობებით აშენდება. მისივე თქმით, ახალ სახლში ბავშვებისთვის იქნება გაცილებით უკეთესი პირობები, მათ  სადღეღამისო რეჟიმში ადგილზე მოემსახურება ექიმი და შეიქმნება მზრუნველობის უფრო მეტი შესაძლებლობა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სიმსივნური დაავადების გამო განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროებათ. 
„ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“  2012 წელს დაარსდა და ადრეულ ასაკში სიმსივნით გარდაცვლილი ბერი ანდრიას (ნუგზარ მილორავა) სახელს ატარებს.  ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვაა.  ფონდი მის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს საჭირო ინფორმაციის მიწოდებით,  აქტიური მკურნალობით, რეაბილიტაციის პროცესში საჭირო საცხოვრებლის,  გართობა-დასვენების, საკვებისა და გადაადგილების უზრუნველყოფით,  სრულიად უანგაროდ ეხმარება. „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ წარმომადგენლების ინფორმაციით,  დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში ფონდმა შეძლო დახმარებოდა ასამდე ბავშვს და მათ ოჯახებს. „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ აქტიური მხარდაჭერით  რამდენიმე ბავშვის სამედიცინო კვლევა დაფინანსდა.

 

შეხვედრა გერმანიის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან
დრო: 2015-11-06 00:11:00

5 ნოემბერს სააგენტოში შედგა შეხვედრა გერმანიის ფედერაციის ფინანსთასამინისტროს  წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკატერინე სისაური, მირიან ჩაჩავა, ირაკლი შენგელია, ზურაბ წიქვაძე, სოფო ჭელიძე და ირაკლი ჩიდრაშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური პოლიტიკის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა სახელმწიფო ქონების ეფექტური მართვა და პრივატიზება.

სააგენტოს განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა გერმანიის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს  ცოდნის გაზიარება და ტექნიკური დახმარების გაწევა შემდეგ საკითხბზე:  ეფექტური პრივატიზების მეთოდები და ინსტრუმენტები; სახელმწიფო ქონების მართვა (მათ შორის მიწები, შენობები და ინფრასტრუქტურა); მიტოვებული სამრეწველო სფეროების რეაბილიტაცია; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა და რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის ზომების სოციალური რეგულირება.

სახელმწიფოქონებისმართვის სფეროშიეფექტურობის გაზრდის მიზნით,  მხარეებმა გადაწყვიტეს ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობის პროექტის  შემუშავება.  პროექტი სავარაუდოდ  2016 წლის თებერვალში დაიწყება. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლშიც ხელმისაწვდომი იქნება
დრო: 2015-11-02 00:11:00

დღეიდან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლშიც ხელმისაწვდომია. დღეს, 2 ნოემბერს, 11 საათზე „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა“ და „იუსტიციის სახლს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ.

აღნიშნული შეთანხმებით, გაუმჯობესდება საჯარო მომსახურების ხარისხი და უფრო ხელმისაწვდომი გახდება სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სერვისები. იუსტიციის სახლი მოქალაქეებს მაღალი ხარისხით, მინიმალურ დროში მოემსახურება.

შეთანხმების შედეგად, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სააგენტოს ისეთი მოთხოვნადი სერვისებით, როგორიცაა: სახელმწიფო ქონების პრივატიზება, იჯარა, მართვის უფლებით გადაცემა და სხვა. მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში თუ რაიონულ ცენტრში, იუსტიციი სახლის ყველა ფილიალში: ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი, გურჯაანი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ახალციხე, ყვარელი, გორი, მესტია, მარნეული, თიანეთი. ასევე, პარალელურად, ფუნქციონირებას განაგრძობს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ყველა რეგიონალური სერვის-ცენტრიც.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე ღვინის ქარხანა შპს „გრუზვინპრომის“100%-იანი წილი გასაყიდად გამოიტანა
დრო: 2015-09-29 00:09:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა  საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების პირობიანი  ელექტრონული აუქციონი  ქ. გურჯაანში, კოსტავას ქ. N1-ში  არსებული ღვინის ქარხანა - შპს „გრუზვინპრომის“ სახელმწიფო საკუთრებაში 100%-იანი წილის პრივატიზების მიზნით. 
საპრივატიზებო საწარმოს ინფრასტრუქტურა  და უძრავი ქონება   მოიცავს 46906,600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულია  26 ერთეული შენობა-ნაგებობა   (საკადასტრო  კოდიN51.01.57.274).  შპს გრუზვინპრომის საწესდებო კაპიტალი  2015 წლის  1 სექტემბრის  მდგომარეობით შეადგენს   67 740 281.62  ლარს.
ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულებაა 11 620 000 ლარი. ელექტრონული აუქციონი დასრულდება 7 ოქტომბერს 17:00 საათზე. 
 

შეხვედრა ქარსაფარი ზოლების საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ
დრო: 2015-09-11 00:09:00

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ქარსაფარი ზოლების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს. შეხვედრას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური და თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია,  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და სამინისტროს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კანონპროექტის მიხედვით, ნარგავების საკუთრების ფორმები, მოვლის და დაცვის მექანიზმები, ასევე ქარსაფარი ზოლებით სარგებლობის წესები და საკანონმდებლო შეზღუდვები გააცნო.
კანონპროექტი ქვეყანაში ქარსაფარი ზოლების აღდგენას ისახავს მიზნად. 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „მირაბილიტი მაინინგს“ შორის 2014 წლის 7 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ცალმხრივად შეწყდა
დრო: 2015-08-26 00:00:00
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე ქ. თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N 21-ში მდებარე უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა
დრო: 2015-08-21 00:08:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2015 წლის 20 აგვისტოს გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი ქ. თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N 21-ში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 3841 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 4549,03 კვ.მ. შენობა-ნაგებობების პრივატიზების მიზნით. ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს 8 200 000 ლარს.

აღნიშნული ქონება განთავსებულია თბილისის ერთ–ერთ უძველეს ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში. ობიექტიდან 600მ-ის მანძილზე მდებარეობს თავისუფლების მოედანი, ხოლო 700 მ-ის დაშორებით განთავსებულია საქართველოს პარლამენტი. აღსანიშნავია, რომ ობიექტის მახლობლად არსებული სამთო საბაგირო რკინიგზა თვეში საშუალოდ 20 000-მდე ტურისტის მთაწმინდის პარკში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რაც ობიექტის მიმდებარე ტერიტორიას ტურისტულად აქტიურს ხდის.

საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 5-ში, განაშენიანების კოეფიციენტებიაK1-0,5; K2-2,1; K3-0,1.

დედაქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში  მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელსაყრელია როგორც დეველოპერული მიზნებისთვის, ასევე სასტუმრო კომპლექსის  ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

ელექტრონული აუქციონიდასრულდება 18 სექტემბერს 17:00 საათზე.