ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ქონება აუქციონზე იყიდება
დრო: 2017-03-20 15:03:00

თბილისის ერთ–ერთ ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში, გ. ახვლედიანის ქუჩა N22-ში მდებარე  1269 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით იყიდება.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად.

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უძრავ ქონებაზე განახორციელოს სულ მცირე 600 000 ლარის ინვესტიცია და არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა.  აუქციონში გამარჯვებულმა ასევე უნდა უზრუნველყოს სსიპ ,,თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის” ვაჟა-ფშაველას გამზირ N33-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არანაკლებ 2 900  კვ.მ. საერთო ფართობის მქონე  შენობა-ნაგებობის აშენება და კეთილმოწყობა, რისთვისაც მინიმუმ 2 630 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.eauction.ge/Home/EntityView/418272

სურამში ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება
დრო: 2017-03-15 17:03:00

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია ინვესტორებს საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო-კომპლექსის განვითარება. ამჯერად სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“. უძრავი ქონება 27 ერთეულ შენობა-ნაგებობას მოიცავს, რომელიც განთავსებულია 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და წარმოადგენს მიმზიდველ ინფრასტრუქტურას მისი შემდგომში სასტუმრო კომპლექსის მოსაწყობად. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება 890 000 ლარს შეადგენს და აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს სულ მცირე 400 000 ლარის ინვესტიცია და არანაკლებ 20 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა.

აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.eauction.ge/Home/EntityView/417724

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და  დღეის მდგომარეობით, ჯამში 10 554 000 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

რაჭაში კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება
დრო: 2017-03-09 17:03:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე  მდებარე ყოფილი სანატორიუმის შენობა პირობიან ელექტრონულ აუქციონზე   164 000 ლარად გაყიდა.

აუქციონის პირობების მიხედვით კომპანია სულ მცირე 30 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს მოაწყობს. ინვესტორების ინფორმაციით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაახლოებით 338 000 ლარის  ინვესტიცია განხორციელდება და სულ მცირე 10 ადამიანი დაასაქმდება.

შეგახსენებთ, რომ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში რაჭაში პრივატიზებული ეს უკვე მეორე ქონებაა. 2016 წელს ელექტრონული აუქციონის ფორმით სოფელ უწერაში  1691 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გასხვისდა, სადაც 12 ნომრიანი სასტუმრო აშენდება, რისთვისაც არანაკლებ 450 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და  უკვე ოთხი ობიექტია გაყიდული. ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის მაგივრად 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება. ახალი სასტუმრო მოეწყობა  განახლებულ აღმაშენებლის ქუჩაზეც,  ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე.  პროექტის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, ჯამში 10 554 000 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული ქონების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებ–გვერდზე: www.nasp.gov.ge

სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებული აზომვითი ნახაზების ღირებულებამ 1 მილიონ ლარს გადააჭარბა
დრო: 2017-03-02 18:03:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირველი მარტის  მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით 14 168 მიწის ნაკვეთის (3 362ჰა) აზომვითი ნახაზის მომზადების საფასური აანაზღაურა, რაც   ჯამში 1 123 240 ლარს შეადგენს.

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირველი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. პროექტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ამზომველთათვის ანაზღაურებას. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში შეადგენს 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს.

მორიგი ჩაის საწარმო მარტვილში გაიხსნება
დრო: 2017-03-02 16:03:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს ,,მეგრულ ჩაის“  25 წლის ვადით იჯარით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალერში მდებარე 165 465 კვ.მ.  და ამავე მუნიციპალიტეტში, სოფელ კურზუში მდებარე 182 790 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

კომპანია უზრუნველყოფს ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, ექსპლუატაციაში მიღებასა და აღჭურვას. უახლოეს მომავალში, ქართულ ბაზარზე, სურსათის ხარისხისა და  უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემის (HACCP) შესაბამისი ჩაი გამოვა.  

შპს ,,მეგრულ ჩაის“   აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ ფარგლებში გადაეცა. სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირა  1 742 ლარს შეადგენს.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 
 

შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან
დრო: 2017-02-24 11:02:00

23 და 24   თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ექსპერტებს და სააგენტოს  თანამშრომლებს შორის.  აღნიშნული შეხვედრები ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, GIZ-ის მხარდაჭერით.

თანამშრომლობა მიზნად ისახვას პრივატიზების სფეროში გამოცდილების გაზიარებას. მიმდინარე შეხვედრების თემა იყო  გერმანიის ფოსტის პრივატიზების სქემის და სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გერმანული მოდელის გაცნობა. შეხვედრას უძღვებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ექსპერტები. შეხვედრას სააგენტოს პრივივატიზების დეპარტამენტის თანამშრომლოებთან ერთად ესწრებოდნენ „საქართველოს ფოსტის“ წარმომადგენლებიც.

აღნიშნული შეხვედრით დასრულდა გერმანული დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში და ურთიერთთანამშრომლობის პროექტის მორიგი,  რიგით მესამე შეხვედრა.

 

 

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გრძელდება
დრო: 2017-02-23 15:03:26

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე  მდებარე 2005 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. ქონების საწყისი ღირებულება  162 000 ლარს შეადგენს.  აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უძრავ ქონებაზე მოაწყოს  არანაკლებ 30 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის შესაძლებელი ბმულზე https://www.eauction.ge/Home/EntityView/410038

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და  უკვე სამი ობიექტია გაყიდული. ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის მაგივრად 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება. ახალი სასტუმრო მოეწყობა  განახლებულ აღმაშენებლის ქუჩაზეც,  ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე.  ასევე რაჭაში  ონის რაიონში, სოფელ უწერაში მალე 12 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება. დღეის მდგომარეობით, ჯამში 10 390 000 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

ბლაუნშტაინი რაჭაში ფერმების მშენებლობას განაგრძობს
დრო: 2017-02-21 17:02:00

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წედისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფერმა აშენდება, რომელიც სულ მცირე 60 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი. ფერმის აშენებისა და მოწყობის მიზნით კომპანია მინიმუმ  

95 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „ ლოდინაროს“ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ  წედისში მდებარე  4 000 კვ.მ.  სათიბი მიწის ნაკვეთი 25 წლიანი იჯარით გადასცა. წლიური საიჯარო ქირა 1062 ლარს შეადგენს.

გაცნობებთ, რომ შპს „ ლოდინარო“ თანამშრომლობს შვეიცარულ-ქართულ კომპანია შპს „ბლაუნშტაინ საქართველოსთან“ და ჩართულია რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების პროექტში. პროექტი ითვალისწინებს შვეიცარული ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ადგილობრივ ჯიშთან შეჯვარებას და ჩვენი რეგიონისთვის ოპტიმალური ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის  მოშენებას.

მცხეთაში, სოფელ აღდგომიანთკარში ცხოველების საკვების საწარმო შეიქმნება
დრო: 2017-02-21 16:02:00

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომიანთკარში  შპს „GOLDEN GRAINS“ ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების მწარმოებელ საწარმოს შექმნის. კომპანია აღნიშნული მიმართულებით  174 980 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე გაზრდის ქართული პროდუქციის წარმოების რაოდენობას და დადებითად აისახება ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე.  კომპანია წლიურად არანაკლებ 5000  ტონა ცხოველების საკვების წარმოებას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში „GOLDEN GRAINS“  მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომიანთკარში მდებარე 3877.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.

ამასთან, გაცნობებთ, რომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 226 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს  505 420 000 ლარს.

კოსტავას ქუჩაზე უძრავი ქონება იყიდება
დრო: 2017-02-16 15:47:21

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ელექტრონულ აუქციონზე ქალაქ თბილისში,  კოსტავას ქუჩა 70–ში მდებარე უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად 1 480 000 ლარად  გამოიტანა.

უძრავი ქონება მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანიური სახლის უკან – პეკინისა და კოსტავას ქუჩებს შორის. აღნიშნულ უძრავ ქონებას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს მიეს გარშემო განთავსებული ობიექტები: სასტუმროები, ბრენდული მაღაზიები, კვების ობიექტები და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი.

ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2017 წლის 27 თებერვალს 17 საათზე.  აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს: https://www.eauction.ge/Home/EntityView/406155

სახელმწიფო საწარმოებში შრომის უსაფრთხოების ცენტრალიზებული ინსპექტირების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
დრო: 2017-02-16 15:36:36

საწარმოებში სამუშაო ადგილზე უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მირიან ჩაჩავამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.  მემორანდუმი  სახელმწიფოს  50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების ცენტრალიზებული ინსპექტირების განხორციელებას გულისხმობს.

შრომითი უსაფრთხოების ინსპექტირების განხორციელების მემორანდუმის მიზანია სახელმწიფო საწარმოებში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით ინსპექტირების ჩატარება,  სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, სახელმწიფო საწარმოსთვის წარდგენა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გაცნობა, რეკომენდაციების საფუძველზე სახელმწიფო საწარმოებში შეხვედრების ორგანიზება.

უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნება გრძელდება
დრო: 2017-02-10 14:30:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“  მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ოთხ დაზარალებულ მოქალაქეს და ერთ იურიდიულ პირს - კომპანია „აკვარიუმს“  2010-2011 წლებში მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა.

კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალეტის სოფელ გონიოში მდებარე 1403 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარიათში მდებარე 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ქ. ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე 54.30 კვ.მ ბინა, “Hyundai tucson”-ის მარკის ავტომანქანა, ასევე  5 ერთეული „Hyundai IX35” და 1 ერთეული “Hyundai sonata”-ს მარკის ავტომანქანა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2010-2011 წლებში ადგილი ჰქონდა  ზემოხსენებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე ზეწოლას, კერძოდ, უძრავი და მოძრავი ნივთების სახელმწიფოსათვის იძულებით გადაცემის ფაქტს. გადაწყვეტილება ქონებების დაბრუნების შესახებ  9 თებერვლის მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.