ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩაის საწარმო ფართოვდება
დრო: 2017-02-03 11:02:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „ლუკა 2010“-ს 25 წლის ვადით იჯარით გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალში მდებარე 290 533 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კომპანია უზრუნველყოფს ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, ექსპლუატაციაში მიღებასა და აღჭურვას. უახლოეს მომავალში, ქართულ ბაზარზე, სურსათის ხარისხისა და  უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემის (HACCP) შესაბამისი ჩაი გამოვა.  

 აღნიშნული მიწის ნაკვეთი შპს „ლუკა 2010“–ს „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ ფარგლებში გადაეცა. სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირა  1 453 ლარს შეადგენს.

ამასთან, გაცნობებთ, რომ 2016 წელს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა შპს „ლუკა 2010“-ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში მდებარე 79 980 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იჯარით გადაეცა, სადაც ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. 

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ბლაუნშტაინი სოფელ პიპილეთში ფერმას ააშენებს
დრო: 2017-02-03 11:02:00

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ პიპილეთში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფერმა აშენდება, რომელიც სულ მცირე 45 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი. ფერმის აშენებისა და მოწყობის მიზნით კომპანია მინიმუმ 95 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „დაუთას“ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერში მდებარე 64.0664 ჰა სათიბი მიწის ნაკვეთის 25 წლიანი იჯარით გადასცა. წლიური საიჯარო ქირა – 768 ლარს შეადგენს.

გაცნობებთ, რომ შპს „დაუთა“ თანამშრომლობს შვეიცარულ-ქართულ კომპანია – შპს „ბლაუნშტაინ საქართველოსთან“ და ჩართულია რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების პროექტში. პროექტი ითვალისწინებს შვეიცარული ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ადგილობრივ ჯიშთან შეჯვარებას და ჩვენი რეგიონისათვის ოპტიმალური ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის  მოშენებას.

თბილისში მინის საწარმო გაიხსნება
დრო: 2017-01-24 16:36:47

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „ნეო გლასს“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში ფარგლებში“ ქალაქ თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ 1 006 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა. 

უძრავ ქონებაზე მინისა და მინის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო აშენდება. აღნიშნული მიმართულებით კომპანია სულ მცირე 905 400 ლარის ინვესტიციას განხორციელებს, მინიმუმ 11 ადამიანს დაასაქმებს. აღნიშნული, თავის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე გაზრდის ქართული პროდუქციის წარმოების რაოდენობას და დადებითად აისახება ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე. მინის საწარმო 2 წლის განმავლობაში 10 000 მ2 უსაფრთხო, გამტკიცებულ ან მრავალფენოვანი მინის წარმოებას უზრუნველყოფს.

 

დიდ ლილოში სამშენებლო მასალების საწარმო აშენდება
დრო: 2017-01-24 16:35:23

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დიდ ლილოში სამშენებლო მასალის მწარმოებელი  საწარმო აშენდება. აღნიშნული მიმართულებით 3 508 920 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და მინიმუმ 30 ადამიანი დასაქმდება. საწარმო ცემენტის ან ანალოგიური მასალის ფილის, ბორდიურის და სამშენებლო ბლოკის წარმოებას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „ნეოსტარს“  ქალაქ თბილისში, დიდ ლილოში მდებარე 9 7470 კვ.მ. უძრავი ქონება გადასცა.

მცხეთის მუნიციპალიტეტში კერამიკული ნაწარმის საწარმო გაიხსნება
დრო: 2017-01-12 17:12:35

შპს „სამშენებლო კერამიკა“ მცხეთის მუნიციპალიტეტში კერამიკული ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს გახსნის. საწარმოს ძირითადი მიმართულებას სამშენებლო მასალების, როგორიცაა აგური, კრამიტი და ბლოკის წარმოება წარმოადგენს. საწარმო წელიწადში სულ მცირე 320 000 ცალი აგურისა და 720 000 სამშენებლო ბლოკის წარმოებას გეგმავს. კომპანია 1 293 908 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „სამშენებლო კომპანია“–ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომლიანთკარში მდებარე 13067.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა.

ამასთან, გაცნობებთ, რომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 220 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს  493 300 000 ლარს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თხილისა და დაფნის საწარმო შეიქმნება
დრო: 2017-01-12 17:10:18

ქვედა ჩხოროწყუში შპს „ჯუმითი 2014“–ი თხილისა და დაფნის გადამამუშავებელ საწარმოს შექმნის. კომპანია აღნიშნული მიმართულებით 127 600 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 10 ადამიანი მუდმივად, ხოლო 50  პერიოდულად დასაქმდება. კომპანია წლიურად 120 ტონა თხილის გულის და სულ მცირე 90 ტონა გამომშრალი დაფნის წარმოებას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ჯუმითი 2014“–ს ქვედა ჩხოროწყუში მდებარე 4 558 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცა.

ამასთან, გაცნობებთ, რომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 220 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს  493 300 000 ლარს.

მცხეთის მუნიციპალიტეტში ეკო ტურიზმის ცენტრი აშენდება
დრო: 2017-01-05 11:26:33

შპს „სევსამორა ვილა“ მცხეთის მუნიციპალიტეტში 5 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიამ  მცხეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო მნიშვნელოვანი და მასშტაბური ტურისტული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა რომელიც  2018-2019 წლებში დასრულდება. პროექტი მოიცავს 41 ნომრიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო კორპუსს, ცალკე მდგომ დასასვენებელ სახლებს, სარესტორნო კომპლექსს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, ღვინის  მუზეუმს და სპორტულ-საბავშვო მოედნებს.  

ზემოაღნიშნული ტურისტული კომპლექსი მჭიდროდ  კავშირში იქნება ეკო ტურიზმის თემატიკასთან.  აქ წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი, ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც მათ შორის კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იქნება მოყვანილი. ამასთან გაცნობებთ, რომ  კომპანიამ უკვე შეიძინა რამდენიმე სავენახე მიწის ნაკვეთი, სადაც ბიო ტექნოლოგიით მოვლილ ტერიტორიებზე, გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ქართული ვაზის სახეობები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,სევსამორა ვილას“ საბაზრო ფასად 104 261 ლარად საკუთრებაში გადასცა  მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯიღაურასა და სოფელ საგურამოში, მდებარე 3 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე სახელმწიფო ქონება იყიდება
დრო: 2016-12-15 11:46:11

ქალაქ თბილისში, რუსთაველის  28-ში მდებარე შენობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მეოთხე სართულზე 729კვ.მ ფართს და მეხუთე სართულზე 1025,34 კვ.მ. ფართს ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. უძრავი ქონება მდებარეობს სახელმწიფო ოპერის მოპირდაპირე მხარეს და მიმზიდველია, როგორც საოფისე, ასევე სხვა მრავალი დანიშნულებით გამოყენებისთვის. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/384183 ; https://www.eauction.ge/Home/EntityView/384193

 

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი „EEU“ ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს
დრო: 2016-12-12 12:05:45

ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარედ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი „EEU“ ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს. უნივერსიტეტის ასაშენებლად საჭირო 8287 კვ.მ. მიწის ფართობი ინვესტორებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სხელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე 1 328 000 ლარად შეიძინეს. ახალ უნივერსიტეტში მოეწყობა რამოდენიმე სასწავლო-სამეცნიერო კორპუსი, ბიზნეს აქსელატორი, ლაბორატორიები, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი შენობები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლიტერატურის მაღაზია, საცურაო აუზი, სპორტული და რეკრეაციული მოედნები. 

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოქმედებს ხუთი ფალკუტეტი და ხორციელდება შვიდი საბაკალავრო, შვიდი სამაგისტრო და 2 სადოქტორო პროგრამა. ამჟამად უნივერსიეტში 1000-მდე სტუდენტი ირიცხება. მენეჯმენტში აცხადებენ, რომ  სამომავლოდ აგრო-მენეჯმენტის მიმართულებით  აგროტექნოლოგიების განვითარებას და ინოვაციური პროექტების დანერგვას აპირებენ.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ასევე ჩართულია Erasmus+ პროგრამაში, რომლის  ფარგლებშიც მაგისტრატურის სტუდენტები სწავლას აგრძელებენ ლინცის (ავსტრია), ლოძის (პოლონეთი), ბრატისლავას, ტალინის, რიგის და კონსტანტას უნივერსიტეტებში. თანამედროვე, დასავლური ტიპის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქვეყნის განათლების სისტემაში.

 

ბლექ სი არენას მიმდებარედ კვების ობიექტების მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
დრო: 2016-12-09 18:12:00

საქართველო დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაა. ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის სფეროში გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში.  ტურისტების  გაზრდილი ნაკადის გამო, ადგილობრივ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე პროცესი, საინტერესო სანახაობებთან ერთად, საზოგადოებრივი კვების ობიექტების  ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ამ მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას, დაბა შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასთან“  არსებულ ევკალიპტების პარკსა და „მუსიკოსთა პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორნის და კაფეს აშენების და მართვის მიზნით.

საინვესტიციო პირობების მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემა მოხდება სულ მცირე 15 წლის ვადით, ხოლო წლიური გადასახადი შეადგენს სიმბოლურ ფასს -  100 ლარს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს. პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://drive.google.com/file/d/0B3vgM3lEWoh4bjNpNXpLM3VlMG8/view

გაცნობებთ, რომ „ბლექ სი არენა”, დაბა შეკვეთილში, წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ და თანამედროვე ღია ტიპის საკონცერტო დარბაზს, რომელიც  2016 წლის ივლისში გაიხსნა.

დარბაზი გათვლილია 10 000 მაყურებელზე. 2016 წლის საკურორტო სეზონის განმავლობაში საკონცერტო დარბაზის სცენაზე მსმენელის წინაშე უკვე წარსდგნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები: კრისტინა აგილერა, ვანესა მეი, ჯგუფი Scorpions, ერისიონი და სხვა. მხოლოდ 30 ივლისიდან 3 სექტემბრამდე, ექვსს ღონისძიებაზე ვიზიტორთა რიცხვმა შეადგინა 45500 ადამიანი. საკონცერტო დარბაზში განთავსებულია 4 კინოთეატრი. საკონცერტო დარბაზის ემსახურება 140 კაციანი პერსონალი. ეს რაოდენობა 2-ჯერ იზრდება კონცერტისთვის მომზადების პერიოდში.

საკონცერტო დარბაზის მოძრავი გადახურვისა და კედლების გათვალისწინებით, საკონცერტო დარბაზში შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელია, წლის ნებისმიერ მონაკვეთში.

საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ განლაგებულია ევკალიპტების ტყე, რომელიც უკვე იქცა „ბლექ სი არენას“  ვიზიტორთა და ურეკსა და ქობულეთში  ტურისტთა  დასვენების საყვარელ ადგილად.

2016 წლის ზაფხულში ევკალიპტების ტყეში მოეწყო „მუსიკოსთა პარკი“, რომელშიც განლაგებულია მსოფლიო და ქართული კულტურისა და ხელოვნების 36  მოღვაწის ფიგურა. პარკი აღჭურვილია უნიკალური აკუსტიკური ტექნოლოგიებით. ნებისმიერი მუსიკოსის ფიგურასთან მიახლოებისას ავტომატურად ირთვება ამ მუსიკოსის შემოქმედების „ოქროს კომპოზიციები“. პარკში ასევე განთავსებულია სხვადასხვა ზომის სამი სცენა, სადაც შეიძლება მოეწყოს კონცერტები და საღამოები, როგორც პროფესიონალებისათვის, ასევე მოყვარულთათვის.

ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურა, შეკვეთილში მდებარე „ციცინათელას“ გასართობ პარკთან ერთად ქმნის ერთიან უნიკალურ ტურისტულ კომპლექსს და სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს.

სოფელ უწერაში მცირე ზომის სასტუმრო მოეწყობა
დრო: 2016-12-05 11:50:52

ონის რაიონში, სოფელ უწერაში მალე 12 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონზე, მაღალი კონკურენციის შედეგად, მორიგი უძრავი ქონება გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით სოფელ უწერაში მდებარე 1691 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მცირე ზომის სასტუმრო აშენდება, რისთვისაც არანაკლებ 450 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ეს უკვე რიგით მესამე გაყიდული ობიექტია. შეგახსენებთ, რომ ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის მაგივრად 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება. ახალი სასტუმრო ასევე განახლებულ აღმაშენებლის ქუჩაზე,  ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზეც მოეწყობა.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით ჯამში 10 390 000 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი „GIPA” ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს
დრო: 2016-11-21 17:43:15

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ მალე „GIPA” სულ მცირე 500 სტუდენტზე გათვლილ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს, რისთვისაც  მინიმუმ 4 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. უნივერსიტეტის ასაშენებლად ა(ა)იპ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ 750 000 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 10877 კვ.მ. უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა. საუნივერსიტეტო კომპლექსში განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ღია ტიპის სპორტული მოედანი და 80 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.

აღსანიშნავია, რომ მოცემული პროექტის ფარგლებში, თანამედროვე, დასავლური ტიპის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქვეყნის განათლების სისტემაში. სამომავლოდ მოცემულ ტერიტორიაზე, ასევე, იგეგმება სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რაც  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად. ახალი საუნივერსიტეტო კომპლექსი, ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სამეცნიერო კვლევების წასახალისებლად.