ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება
დრო: 2015-07-28 00:00:00

სასტუმრო "რედისონში" თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს", ასევე ეკონომიკის სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" და "თიბისი ჯგუფის" კომპანია "ჯიარდისი ჰოლდინგში" შემავალ შპს "ახალ მიტარბს" შორის. 
მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა,  შპს "მთის კურორტების ასოციაციის" დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა  და შპს "ახალი მიტარბის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა მოაწერეს. 
მემორანდუმი ბაკურიანის და მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და განვითარებას ითვალისწინებს, კერძოდ დაინერგება ოთხ სეზონური მთის კურორტის კონცეფცია, რაც ხელს შეუწყობს მთის ტურიზმის შემდგომ პოპულარიზაციას საქართველოში. ბაკურიანში "კოხტას მთაზე" მოხდება ახალი საბაგიროს დამონტაჟება, შუალედური სადგურით, რომლის მშენებლობა 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 500 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა - სასტუმროები, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, კოტეჯები, კვების და გასართობი ობიექტები. მიტარბიში "კოხტა 2"-ის სახელით ცნობილ მთაზე დამონტაჟდება 2 საბაგირო და კოხტას მთასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო საბაგირო, რომლის მშენებლობა 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 300 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა. საბაგიროს მშენებლობას განახორციელებს სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია "დოპელმაიერი". 

"ჩვენი მხრიდან მოხდება 48 მილიონი ლარის ინვესტირება, ხოლო კერძო კომპანიის მხრიდან დაახლოებით 70 მილიონი ლარის. ეს იქნება ყველაზე თანამედროვე სტანდარტების ძალიან მაღალი დონის დაგეგმარებული და ახლიდან შექმნილი კურორტი. ეს ინვესტიცია, არა მხოლოდ ამ კუთხეს, არამედ მთლიანად საქართველოს მოუტანს ძალიან დიდ სარგებელს. მე მიხარია, რომ ასეთი მოდელი პირველად ხორციელდება საქართველოში, საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის მოდელი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მოდელს გამოიყენებს არა მხოლოდ ბაკურიანში, არამედ ყველა სხვა სამთო-სათხილამურო კურორტის მიმართულებით. 
 

ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლებმა ტრენინგი გაიარეს
დრო: 2015-07-17 00:07:00

17 ივლისს, ქალაქ ქუთაისში,  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი–რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოთა თანამშრომლებისათვის ტრენინგი გამართა.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში  სახელმწიფო საწარმოთა საქმიანობის, ფინანსური ანგარიშგების პროცესის სრულყოფა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
ტრენინგი ორი მოდულისაგან შედგებოდა. 
პირველ მოდულში განხილული იყო სახელმწიფო საწარმოთა მონაცემთა შეგროვების განახლებული ფორმა (Data Collection Template) და  ინსტრუქცია მონაცემთა შეგროვების ფორმის შევსების შესახებ. ასევე, განხორციელდა ფინანსური უწყისების შევსებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი.
მონაცემთა შეგროვების ფორმა ძირითადად განკუთვნილია ფინანსური ხასიათის ანგარიშებისთვის. აღნიშნული ფორმის ძირითად მიზანს წარმოადგენს ყოველწლიური ფინანსური უწყისების, იურიდიული ინფორმაციის და საოპერაციო მონაცემების შეგროვება და საბოლოოდ ანგარიშის სახით წარდგენის პრინციპების ჩამოყალიბება.
მეორე მოდული მოიცავდა  სახელმწიფო საწარმოთა საკუთრებაში რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესს, საწარმოთა რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის და საწარმოების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების  გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცედურებს. 
ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში სააგენტო, სახელმწიფო საწარმოთა თანამშრომლების ტრენინგების შემდეგი ეტაპის ჩატარებას 2015 წლის აგვისტოს თვეში თბილისში გეგმავს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე
დრო: 2015-07-08 00:00:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოთა საქმიანობის გამჭვირვალობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აღნიშნული მიმართულებით სააგენტოს მხრიდან განხორციელებული იქნა მთელი რიგი ღონისძიებები.

  • სააგენტოს მიერ მიმდინარეობს სახელმწიფოს  მართვაში არსებული, იმ საწარმოების  ლიკვიდაციის, გაკოტრებისა და ოპტიმიზაციის პროცესი, რომლებიც არ ფუნქციონირებენ ან არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და იმყოფებიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.

დღეის მდგომარეობით სააგენტოს მართვაშია – 243 საწარმო,აქედან ეკონომიკურ საქმიანობას მხოლოდ 68საწარმო ეწევა, 24 საწარმოზე მიმდინარეობს გაკოტრების საქმის             წარმოება. ამასთან, სააგენტო ახორციელებს იმ საწარმოთა (75 საწარმო) სრული ფინანსური და ქონებრივი სახის ინფორმაციის მოპოვებას, რაზეც საუბარი იყო სახელმწიფო             აუდიტის სამსახურის 2014 წლის დასკვნაში.

ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა
დრო: 2015-06-26 00:00:00

ქალაქ თბილისში, ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც დღეს თავად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 9 450 000 აშშ დოლარად გაყიდა.აღნიშნული უძრავი ქონების მიმართ საკმაოდ მაღალი იყო დაინტერესება და ბიჯების უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა. დადებული ბიჯების რაოდენობამ 690 ბიჯი შეადგინა.

აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა ფიზიკური პირი თამარ მაზიაშვილი, რომელიც საპრივატიზაციო ობიექტში 9 450 000 აშშ დოლარს გადაიხდის.  ქონების საწყისი ღირებულება 6 000 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღნიშნული თანხა აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ 2016 წლის პირველი იანვრიდან 36 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება. აუქციონის პირობების მიხედვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული საქვეუწყებო ორგანიზაციების თანამშრომლებს აღნიშნული ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობა შეუძლიათ 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ქ. თბილისში, ჭანტურიას N12–ში მდებარე უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4210.00 კვ.მ-ს, ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი - 11271.52 კვ.მ-ია. ობიექტს გააჩნია საკუთარი ტერიტორია პარკირებისათვის.

 

ფოთში მდინარე რიონზე არსებულ ავარიულ ხიდზე იმსჯელეს
დრო: 2015-06-26 00:00:00

ფოთის მერი ირაკლი კაკულია ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძის პრობლემის შემსწავლელ ჯგუფთან ერთად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემოსვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსს გოჩა კანკავას შეხვდა. შეხვედრაზე ხიდის(ჰიდროკვანძის) პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. ნაგებობა, რომელიც მდინარე რიონზეა განთავსებული რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია, როგორც ადგილობრივ მთავრობაში ამბობენ, მისი რეაბილიტაცია სერიოზულ ფინანსურ სახსრებს საჭიროებს.

„ხიდი, თავისი ფუნქციური დატვირთვით არის ძალიან მნიშვნელოვანი ფოთის მოსახლეობისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ მდინარე რიონის წყლის ნაკადი, რომელიც გაედინება ქალაქის ტერიტორიაზე და უერთდება ზღვას რეგულირდება ამავე ხიდზე განთავსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობით, აუცილებლობას წარმოადგენს ხიდის საყრდენი კედლებისა და წყალგამტარი ნაგებობის შესაბამისი სპეციალისტების მეშვეობით შემოწმება და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უმოკლეს დროში დაწყება.“ - განაცხადა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსმა გოჩა კანკავამ.

ფოთის მერიას ხიდის პრობლემასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებსა და შესაბამის სამსახურებთან მუშაობა დაწყებული აქვს.

წყნეთის აგარაკზე ახალდაბაში სტიქიისგან დაზარალებულები დაბინავდნენ
დრო: 2015-06-16 00:00:00

საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ახალდაბაში სტიქიისგან დაზარალებული ბავშვები მშობლებთან ერთად წყნეთის სამთავრობო აგარაკზე დროებით დაბინავდნენ.
ვიცე-პრემიერთან და ქალაქის მერთან ერთად წყნეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური, მისი მოადგილეები, სააგენტოს სხვადასხვა სამსახურების, ასევე საქართველოს ფოსტისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც სტიქიისგან დაზარალებულ ბავშვებსა და მშობლებს სურსათი, მედიკამენტები, ტანსაცმელი, ჰიგიენური ნივთები და სათამაშოები მიუტანეს.
„წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორიაზე გამოვუყავით აგარაკები ახალდაბაში მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებიც სტიქიისგან დაზარალდნენ. აქ არის დაახლოებით ოცამდე ბავშვი მშობლებთან ერთად. ჩვენ კიდევ ვაწარმოებთ დაზარალებული ოჯახების აღრიცხვას და შეიძლება მათ რამდენიმე ოჯახი კიდევ დაემატოს. ეს ადამიანები აქ, კომფორტულ გარემოში დარჩებიან იქამდე, სანამ სოფელ ახალდაბაში სტიქიის შედეგები არ აღმოიფხვრება. ადგილზე მუშაობენ სპეციალური ბრიგადები, დღეს პრემიერ-მინისტრიც გახლდათ ახალდაბაში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ოჯახების საცხოვრებლებს პირვანდელი სახე დაუბრუნდეს, უპირველეს ყოვლისა, აღდგეს გზა და კომუნიკაციები“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ახალდაბაში დაზარალებულ ოჯახებს თავდაპირველად ღამის გასათევად თბილისის მერიამ და ვაკე-საბურთალოს გამგეობამ მოუძებნეს ფართი, ახლა კი ეს ოჯახები უკვე წყნეთში იმყოფებიან, სადაც მათი ნორმალური ცხოვრებისთვის ყველაფერი უზრუნველყოფილია.
„აქ ყველა პირობა იქნება იმისთვის, რომ ბავშვებმა მორალურადაც რეაბილიტაცია გაიარონ, მათ საკმაოდ სტრესული ღამე გამოიარეს. რაც შეეხება აქ მათ ყოფნას, ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებმა შეაგროვეს თანხა და როგორც ჩვენი სამინისტროს, ასევე სხვა უწყებების წარმნომადგენლებმა აქ ამოიტანეს საჭირო სურსათი, ასევე სამედიცინო საშუალებები. არის ადამიანების ძალიან დიდი კონსოლიდაცია, რაც ძალიან მახარებს“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები წყნეთის აგარაკებზე იქამდე დარჩებიან, ვიდრე არ მოხდება მათი საცხოვრებელი სახლების სრულად აღდგენა. ხოლო ამ პერიოდის მანძილზე მათთვის საჭირო სურსათითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფაზე იზრუნებენ  ეკონომიკის სამინისტრო და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციები, მათ შორის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციებს გადანაწილებული აქვთ დღეები, რომლის მიხედვითაც  თანამშრომლების მიერ აგროვებული თანხებით მოხდება დაზარალებულებისთვის საჭირო საკვებისა და ნივთების შეძენა. 
საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხვალ, 17 ივნისს, დაზარალებულების კვებაზე და დახმარებაზე იზრუნებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

მოქალაქეებს იძულებით ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნდათ
დრო: 2015-06-05 00:00:00

საქართველოს პროკურატურამ ქონების იძულებით ჩამორთმევის 5 ფაქტზე გამოძიება დაასრულა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა 4 დაზარალებული მოქალაქისთვის დარღვეული უფლებების აღდგენა.
დღეს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავრობის განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის დავით მიქაძისა და პროკურორების მონაწილეობით დაზარალებულებს - მაგდა ბაგრატიონს და მაია ბოცვაძეს გადაეცათ „ტოიოტა ლენდკრუიზერი Lჩ150”-ის ჯიპი;  დაზარალებულ ხათუნა საგანელიძეს გადაეცა ავტომანქანა „ტოიოტა ავენსისი“ და ა/მანქანა „ჰიუნდაი სონატა“, ხოლო დაზარალებულ ლაშა ჭოხონელიძეს - ავტომანქანა „ჰიუნდაი IX35“. ხსენებული  ავტო მანქანები 2010 წელს, ცალკეული საჯარო მოხელეების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად იძულებით იქნა მათ მიერ შესყიდული.
„მთავრობის განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განკარგულების პროექტის მომზადება მთავრობაზე წარსადგენად, რის შემდეგაც განხორციელდა  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების დაზარალებულთათვის გამარტივებული წესით დაბრუნება.“ - განაცხადა მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის საჯარო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით მიქაძემ.
 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვნენ
დრო: 2015-06-02 00:06:00

წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის      დღესთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ფონდის „იმედის სახლის“ წარმომადგენლებთან ერთად მ. იაშვილის   სახელობის ბავშვთა კლინიკას ეწვივნენ და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სათამაშოები გადასცეს.
საქველმოქმედო ფონდის „იმედის სახლის“ წარმომადგენლებმა თხოვნით მიმართეს   სახელმწიფო უწყებებს ჩართულიყვნენ საქველმოქმედო აქციაში. 
საპასუხოდ სააგენტოს თანამშრომლებმა ფონდში რეგისტრირებულ უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ 100 ოჯახს და ამავე ოჯახებში მცხოვრებ 300 ბავშვს  (მათ შორის შეზღუდული შესაძლობის მქონე ბავშვებს)  დახმარება  გაუწიეს საკვები პროდუქტით, ტანსაცმლითა და  სათამაშოებით. 
საქველმოქმედი ფონდი „იმედის სახლი“ დაარსდა 2009 წელს. ფონდის საქმიანობის მიზანია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი, შშმ, მარტოხელა,  მრავალშვილიანი ოჯახების და  ბავშვთა სახლების დახმარების გაწევა. აღნიშნული მიზნით ფონდი, შემომწირველების დაფინანსებით, ყოველთვიურად აწყობს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციებს. ფონდის დამფუძნებლები არიან:  გურანდა  გაბუნია,  მამა  არჩილ  ავანაშვილი. გამგეობის წევრები:  ზურაბ შარია, მალხაზ ქვრივიშვილი, სოსო ლაღიძე.
სააგენტო მომავალშიც განაგრძობს ფონდთან ურთიერთობას. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა ელექტრონულ აუქციონზე 6 მილიონ დოლარად იყიდება
დრო: 2015-05-29 00:00:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” 2015 წლის 29 მაისს პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად გამოიტანა ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც დღეს თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული.  
აღნიშნული ქონება მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში, ტურისტულად აქტიურ ზონაში. მისგან 300 მეტრის დაშორებით განთავსებულია კინოთეატრი, მუზეუმები, ნახევარი კილომეტრის რადიუსში მდებარეობს თბილისში განთავსებული მაღალი კლასის სასტუმროები და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ასევე - კულტურული ცენტრები და სავაჭრო დანიშნულების ობიექტები. შენობას მნიშვნელოვან ხიბლს მატებს მის წინ განთავსებული პარკი.
უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4210.00 კვ.მ-ს, ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი - 11271.52 კვ.მ-ია. ობიექტს გააჩნია საკუთარი ტერიტორია პარკინგისათვის. 
აუქციონი გამოცხადდა შემდეგი პირობებით:
•    საპრივატიზებო ობიექტის საწყისი ფასი შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს;
•    მყიდველი ვალდებული იქნება 2016 წლის პირველი  იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო შექმნას და ექსპლუატაციაში გაშვება.
•    მყიდველი ასევე ვალდებული იქნება 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს გამყიდველის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ის მიერ უძრავი ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობა.
•    მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან  30 (ოცდაათი)  კალენდარული დღის   ვადაში.
ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2015 წლის  26 ივნისს  17 საათზე.  აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით. 
სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე - კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: 
https://www.eauction.ge/Home/EntityView/232837
ქონების შეძენით დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე: (+995) 32 298 11 11. ასევე ეწვიეთ ვებ-გვერდს www.nasp.gov.ge

პროექტი „სოფლიდან გაუსვლელად' გრძელდება
დრო: 2016-08-04 17:41:00

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო პროექტი „სოფლიდან გაუსვლელად", რომლის მიზანია   მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია მათსავე რეგიონში გამოცხადებული აუქციონების შესახებ. 
პროექტის ფარგლებში მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა კიდევ 11 900 ფლაერი დაბეჭდა, რომელიც  მარნეულის, საგარეჯოს, წყალტუბოს, ოზურგეთის და ახალციხის მიმდებარე  სოფლებში დარიგდა, ამავე რაიონში გამოცხადებულ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების  სულ გამოცხადებულ 31 აუქციონზე. ბუკლეტების დარიგება  უზრუნველყო საქართველოს ფოსტამ. 
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით სარგებლობის უფლებით გაცემა დაწყებულია  2014 წლის მაისის თვიდან. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იჯარით გაცემულია 3 929 ჰა საძოვარი.
ამ ეტაპზე სასოფლო–სამეურნეო (სახნავი, სათესი, საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემის მიზნით გამოცხადებულია 47 ელექტრონული აუქციონი. აუქციონზე გატანილია 283,5 ჰა. აქედან  სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთები – 231 ჰა. და სათიბის კატეგორიის მიწის ნაკვეთი 52,5 ჰა.
2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე იჯარით სარგებლობის უფლებით გაცემულია   349008.7 ჰა  მიწის ნაკვეთი. (www.eauction.ge-ის მონაცემების მიხედვით) იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

•    აჭარა  18634 (1,86 ჰა)   სახნავი;
•    იმერეთი  179618 (17,9 ჰა)  სახნავი;
•    კახეთი 7327165 (732,7 ჰა) საძოვარი; 106126 (10,6 ჰა)  სახნავი;
•    მცხეთა მთიანეთი 615982 (61,5 ჰა) სახნავი;
•    რაჭა 3248 (0,3 ჰა)  სახნავი;
•    სამეგრელო 370031 (37 ჰა)  სახნავი;
•    სამცხე ჯავახეთი 900637 ( 90 ჰა)  სათიბი; 11254649 (1125,4 ჰა)  საძოვარი; 99161 (9,9 ჰა) სახნავი;
•    ქვემო ქართლი 218060 (21,8 ჰა)  სათიბი; 11627985 (1162,7 ჰა)  საძოვარი; 1895432 (189,5 ჰა)  სახნავი;
•    შიდა ქართლი 70001 (7 ჰა)  სათიბი; 2167681 (216,7 ჰა) საძოვარი; 201855 (20,1 ჰა)  სახნავი;
 

არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებმა საპრივატიზებო ობიექტები დაათვალიერეს
დრო: 2015-05-25 00:00:00

19 მაისს არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა. არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან წარმოდგენილი კომპანიები, ძირითადად, ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, საცალო ვაჭრობის  და წარმოების სექტორებში საქმიანობენ. 
ფორუმის მეორე დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ცეცხლაძემ არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს დელეგაციას  საპრივატიზებო ობიექტები დაათვალიერებინეს, კერძოდ:

•    წყნეთის სამთავრობო აგარაკები; 
•    ეროვნული ბანკის შენობა;
•    თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი.

დელეგაციას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად  სააგენტოს გაყიდვების სამსახურის თანამშრომელი ზურაბ გვასალია ახლდა, რომელმაც სტუმრებს გასაყიდი ობიექტები დაათვალიერებინა და დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა მათ შესახებ.

სააგენტოს სამოქმედო გეგმების განხილვა სასტუმრო „ძველ თბილისში“
დრო: 2015-05-18 00:00:00

16 მაისს სასტუმრო  „ძველ თბილისში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2015 წლის სამოქმედო გეგმების ფორმირების და მართვის პროექტის ფარგლებში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სინერჯი ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად სააგენტოს თავმჯდომარე, მოადგილეები, ყველა დეპარტამენტის, სამსახურის და მომსახურების ცენტრების უფროსები და ასევე სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები დაესწრნენ.
შეხვედრის პირველ ნაწილში სამსახურის უფროსებმა  სააგენტოს ხელმძღვანელობას  ვადაში გაწერილი 2015 წლის სამოქმედო გეგმები წარუდგინეს. პრეზენტაციები კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სააგენტოს პრიორიტეტული ამოცანები. მეორე ნაწილი შემთხვევითი წესით განაწილებული სამუშაო ჯგუფების მიერ ადგილზე მომზადებულ პრეზენტაციებს დაეთმო. ჯგუფებმა წარმოადგინეს სააგენტოს მომავლის სამწლიანი ხედვა. 
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს  სააგენტოს მისიის ფორმულირებაზე და პრიორიტეტებზე, სადაც გამოკითხვის წესით დასახელდა 3 მთავარი საკითხი:

•    პროაქტიული გაყიდვები და შემოსავლების გაზრდა;
•    სისტემური პრობლემების მოგვარება;
•    უძრავი ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია;


შეხვედრის ბოლოს,  სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა დიანა ჩომახაშვილმა წარმოადგინა SWOT-ანალიზის შედეგად მხარეების შეპირისპირების მეთოდით გაკეთებული ანალიზი. SWOT - ანალიზის შედეგადაც ასევე გამოიკვეთა სააგენტოს მიერ განსახორციელებელი აუცილებელი ქმედებები გრძელვადიან ჭრილში, ხოლო ცენტრალურ პრობლემად გამოიკვეთა სახელმწიფო აქტივების არცოდნა და დაურეგისტრირებელი ქონებების არსებობა.
„შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და დატვირთული იყო. კარგია, რომ SWOT-ანალიზის შედეგები და აქამდე გამოკვეთილი ქმედებები და ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. უნდა ითქვას, რომ „სინერჯი ჯგუფის“ დახმარებით და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძელით თითოეული სამსახურისთვის 2015 წლის გეგმების დროში გაწერა, რაც სააგენტოს ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.  მსგავსი შეხვედრა ასევე ხელს შეუწყობს ერთიანი ხედვის დამკვიდრებას გრძელვადიან პერსპექტივაში არა მხოლოდ თბილისში, ასევე სააგენტოს რეგიონულ ოფისებში."  -  განაცხადა დიანა ჩომახაშვილმა.