საწარმოთა რაოდენობის მინიმიზაცია გრძელდება
დრო: 2015-04-21 00:00:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის საწარმოთა მართვის სამსახური სამოქმედო სტრატეგიის ფარგლებში აქტიურად მუშაობს სახელმწიფოს მართვაში არსებულიიმ საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაცია-მინიმიზაციის მიმართულებით, რომლებიც დღეის მდგომარეობით არ ფუნქციონირებენ, არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და იმყოფებიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. აღნიშნული გულისხმობს უმოქმედო და მძიმე ფინანსური მდგომარეობის მქონე საწარმოების შერწყმის, ლიკვიდაციის, გაკოტრებისა და წილის პრივატიზების პროცესებს.

ოპტიმიზაციის გეგმის შედეგად, სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოთა რიცხვი 2014 წლის 1 მარტიდან დღემდე შემცირდა 150 საწარმოთი. 2014 წლის 1 მარტის მდგომარეობით სახელმწიფოს მართვაში იმყოფებოდა 421 საწარმო. 2014 წლის მარტიდან დღემდე საწარმოთა მართვის სამსახურის მიერ განხორციელდა 101 სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს გაკოტრება, ასევე:

  • 207 დღიანი გაკოტრების საქმე გაიხსნა -11 საწარმოზე;
  • განხორციელდა 49 საწარმოს შერწყმა;
  • დამატებითი ქონების სახით ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გადაეცა - 6 საწარმო;
  • მართვის უფლებით გადაეცა - 1 საწარმო;
  • განხორციელდა - 1 საწარმოს ლიკვიდაცია;
  • ასევე განხორციელდა 2 საწარმოს პრივატიზება;

დღეის მდგომარეობით სააგენტოს მართვაში იმყოფება 261 საწარმო.

2015 წლის მარტში საწარმოთა მართვის სამსახურმა მოახდინა 7 საწარმოს გაკოტრება. საშუალო სტატისტიკურად, ყოველთვიურად სასამართლოში შედის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადება 8 საწარმოზე, რომლის დასრულებასაც სავარაუდოდ სჭირდება 2 თვე. ამ ეტაპზე, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მიმდინარეობს 21 სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოზე.

ქველმოქმედება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელით
დრო: 2015-04-08 00:00:00

დღეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მათი ოჯახების დასახმარებლად შექმნილ ბერი ანდრიას სახელობის ფონდში იმყოფებოდნენ. სააგენტოს თანამშრომლებმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ფონდში გაწევრიანებულ ბავშვებს კვების პროდუქტები, ტკბილეული, სააღდგომო პასკები და სხვა საჩუქრები გადასცეს. ვიზიტს ორგანიზება სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა გაუწია.

ბერი ანდრიას სახელობის ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მათი ოჯახების დასახმარებლად შეიქმნა, რომელიც მხოლოდ შემოწირულობებით ფინანსდება. ფონდი შეძლებისდაგვარად ეხმარება ბავშვებს მკურნალობა-რეაბილიტაციაში და ცდილობს მაქსიმალურად გააუმჯობესოს მათი სიცოცხლის ხარისხი.

ბავშვების უმეტესობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არის და სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება. მათთვის ნებისმიერი რაოდენობის შემოწირულობა უმნიშვნელოვანესია.

სააგენტომ აბაშიძის N17/4 (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) ელექტრონული აუქციონის ფორმით გაყიდა
დრო: 2015-03-31 00:00:00

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ თბილისში, დ. აბაშიძის ქუჩა N17/4 -ში მდებარე 7823.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8 და N9 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობები 3555000 აშშ დოლარად გაყიდა.
სააგენტომ აღნიშნული უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზებოდ პირობიანი ფორმით გამოიტანა. მყიდველმა აღნიშნულ საპრივატიზებო ქონებაზე  სასტუმროს (არანაკლებ 150 ნომრიანი) ან  სავაჭრო/კომერციული/საოფისე დანიშნულების შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა უნდა განახორციელოს.
უძრავი ქონება 3 555 000 აშშ დოლარად შეიძინა შპს „PASHA Development“-მა. 
 

სააგენტომ 155 კოოპერატივს შეღავათიან ფასში საკუთრებაში 440 ერთეული აგროტექნიკის კომპლექტი გადასცა
დრო: 2015-03-31 00:00:00

,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის N165 განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროს შუამდგომლობით 155 კოოპერატივს შეღავათიან ფასში საკუთრებაში 440 ერთეული აგროტექნიკის კომპლექტი გადასცა,  რომლის ღირებულებაც ჯამში 396 000 ლარს შეადგენს. კომპლექტი მოიცავს მოტობლოკის ერთ კომპლექტს (მოტობლოკი, გუთანი, კულტივატორი, სათიბელა) და ერთ ხელის სათესს. კოოპერატივებს ასევე 53 ერთეული დამატებითი ხელის სათესი  სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცათ. აღნიშნული ქონების გადაცემა სააგენტოში უზრუნველყო მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის  კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურმა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული, სააგენტო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ამ მიმართულებით  მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
 

ბათუმი თაუერი გაიყიდა
დრო: 2015-03-12 00:00:00

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქ. ბათუმში, ნინოშვილი/ჟღენტის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ბათუმი თაუერი) 25 004 626 აშშ დოლარად გაყიდა.  სააგენტომ აღნიშნული სახელმწიფო ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზებოდ,  პირობიანი ფორმით გამოიტანა. უძრავი ქონება მდებარეობს ქ. ბათუმში, ნინოშვილი/ჟღენტის ქუჩაზე:  4504.00   კვ.მ   არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N01/36 მშენებარე შენობა-ნაგებობა, ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონება, კერძოდ, ,,მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალი“ და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანი (Pალამი-Mედია NEთ- 50/50). 
აღნიშნული უძრავი ქონება  25 004626 აშშ დოლარად შეიძინა  შპს „ბათუმი თაუერმა“  (ს.კ. 404483019 ). 
კომპანია ვალდებულია საპრივატიზებო ქონების ბაზაზე განახორციელოს სასტუმრო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, გასართობი ობიექტები და სხვა) შექმნა, განახორციელოს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარის  ინვესტიცია და უზრუნველყოს აღნიშნული უძრავი ქონების არანაკლებ 4-ვარსკვლავიან, მინიმუმ - 100 ნომრიან სასტუმროდ გადაქცევა.
 

ტრენინგი სააგენტოს 32 ახალი შტატგარეშე თანამშრომლისთვის
დრო: 2015-02-23 00:00:00

18 თებერვლიდან ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტის ფარგლებში სააგენტოს 32 ახალი შტატგარეშე თანამშრომელი იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადამზადებას გადის.  
ინვენტარიზაციის მასშტაბური პროექტი ითვალისწინებს სააგენტოს სამხარეო ცენტრებში 14, ხოლო თბილისის ტერიტორიაზე 2 ორ-კაციანი მობილური ჯგუფის ჩამოყალიბებას. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ორგანიზებით აღნიშნული ჯგუფები სამუშაო პროცესში უშუალოდ ჩართვამდე სპეციალურ ტრეინინგს გადიან. ისინი აღჭურვილნი არიან  ინვენტარიზაციისთვის საჭირო გეოლოგიური, გეოფიზიკური ხელსაწყოებით და გადიან როგორც თეორიულ, ასევე აზომვით სამუშაოებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ სწავლებას.
2 მარტიდან, ტრეინინგის დასრულების შემდეგ, 32 ახალი შტატგარეშე თანამშრომელი  უშუალოდ განახორციელებს ინვენტარიზაციის პროცესს და აზომვით სამუშაოებს საქართველოს ყველა რეგიონში. 
ცნობისთვის, ინვენტარიზაციის პროექტის მიზანია სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით. წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების გარკვეული ნაწილი აღურიცხავი რჩებოდა. ინვენტარიზაციის შედეგად კი შესაძლებელი გახდება  სახელმწიფო ქონების ზუსტი რაოდენობის დადგენა და გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაჩქარდება და კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება პრივატიზების პროცესები, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად
დრო: 2015-02-17 00:02:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლი გაიღეს. აქცია ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით 2 წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ ჩატარდა. ტრადიციულ დონორებთან ერთად აქციაში  სააგენტოს ახლად შემოერთებული თანამშრომლებიც ჩაერთვნენ. მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს თანამშრომლები შესაბამისი სამედიცინო ხელსაწყოებით თავად იყვნენ მოსულები სამინისტროს შენობაში და სისხლის ჩაბარება განხორციელდება სააგენტოს მე-4 სართულის საკონფერენციო დარბაზში.
 მ. იაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფო  ერთადერთია საქართველოში სადაც მკურნალობენ ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული  ბავშვები  (0- 8 წლამდე).  ამ ბავშვებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები დღეში 15-20 ერთეულის ოდენობით. ძალიან ხშირად იქმნება დეფიციტი და პაციენტის მშობლებს და მათ ახლობლებს სტრესულ მდგომარეობაში უწევთ დონორთა მოძიება.  
სურვილის შემთხვევაში, იმ თანამშრომლებს, რომელთაც ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს, უფასოდ გადაეცემათ სისხლის ანალიზის პასუხი, რომელიც მრავალ კომპონენტს მოიცავს. 
 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები უკვე იუსტიციის სახლშიც ხელმისაწვდომია
დრო: 2015-02-04 00:00:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები უკვე იუსტიციის სახლშიც ხელმისაწვდომია.  ახალი მომსახურების დანერგვის შესახებ მემორანდუმს  მხარეების მიერ დღეს იუსტიციის სახლში მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკატერინე სისაურმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირაკლი ლომიძემ მოაწერეს.
ხელმოწერილი დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ იუსტიციის სახლი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისებით (მათ შორის სახელმწიფო ქონების პრივატიზება, იჯარა, მართვის უფლებით გადაცემა და ა.შ.)  დაინტერესებულ მოქალაქეებს მაღალი ხარისხით, მინიმალურ დროში მოემსახურება. პროექტი სატესტო რეჟიმში თავდაპირველად იუსტიციის სახლის მარნეულის ფილიალში განხორციელდება.
 სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ეკატერინე სისაურის თქმით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს იყოს ხელმისაწვდომი და მოქალაქეებს შესთავაზოს  სწრაფი და ეფექტური მომსახურება ქვეყნის მასშტაბით. 
„სწორედ ამიტომ  „იუსტიციის სახლთან“ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს იუსტიციის სახლის მარნეულის ფილიალში პროექტის საპილოტე ვერსიის დანერგვას. აქ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სააგენტოს შემდეგი სერვისები:  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით პრივატიზება; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონის ფორმით პრივატიზება ან/და იჯარით აღება; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს წილის/აქციების აუქციონის წესით პრივატიზება; სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოს წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემა; სახელმწიფოს ქონების გადაცემა კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაში.“ - განაცხადა ეკატერინე სისაურმა. 
„იუსტიციის სახლი  მუდმივ რეჟიმში აფართოებს  400-მდე სერვისის ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც მათ უწყებაშია  შესაძლებელი. „სერვისის დანერგვამდე ჩვენ დეტალურად გამოვიკვლიეთ მომხმარებლის მოთხოვნა ქონების ეროვნული სააგენტოს  მომსახურებაზე,  რის შედეგადაც გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. სერვისების მიღება ამ ეტაპზე  მარნეულის იუსტიციის სახლშია შესაძლებელი და მომსახურება სრულიად უფასოა“ - აღნიშნა იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირაკლი ლომიძემ. 
აღსანიშნავია, რომ  იუსტიციის სახლს მარნეულის ფილიალის საპილოტე რეჟიმისთვის  შერჩევა ამ რეგიონში მომხმარებლების მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისზე არსებულმა დიდმა მოთხოვნამ განაპირობა. საპილოტე პერიოდის  დასრულებისთანავე, სერვისი წარმატებით დაინერგება იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისი საქართველოს ყველა რეგიონში გახდება ხელმისაწვდომი.
 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თანამშრომლობას იწყებს „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“
დრო: 2016-08-04 17:25:42

პროექტის „სოფლიდან გაუსვლელად“ ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თანამშრომლობას იწყებს „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“. თანამშრომლობის მიზანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე  იჯარით  გაცემის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონების შესახებ ინფორმაციის ეფექტური გავრცელება დაინტერესებულ ფერმერებს შორის.  
„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ შეიქმნა 2012 წელს და იგი  წარმოადგენს ფერმერთა გაერთიანებების "ქოლგა" ორგანიზაციას, რომელიც არის კოოპერატივების ქოლგა ორგანიზაცია „Copa-Cogeca” -ს ერთადერთი ასოცირებული წევრი საქართველოში. ასოციაცია დღეს არამარტო ფერმერთა ჯგუფებს, არამედ ინდივიდუალურ ფერმერებსაც და სოფლის მეურნეობის კუთხით მომუშავე ორგანიზაციებსა თუ ასოციაციებსაც აერთიანებს. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო, დონორ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და წარმოადგენს  მძლავრ მაკოორდინებელ სტრუქტურას ფერმერთა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ მხარეთა შორის. დღეისათვის საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში გაერთიანებულია 1000-ზე მეტი ფერმერი და 60-მდე ასოცირებული წევრი კომპანია.
30 იანვარს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ნინო ზამბახიძესთან. შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ   ინფორმაცია ყოველი ახალი გამოცხადებული აუქციონის შესახებ გავრცელდება  ფერმერთა ასოციაციის ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე,  რომელსაც თვეში საშუალოდ 6000-მდე მნახველი ყავს.   რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი დაინტერესებული პირის ჩართვას აღნიშნულ პროექტში და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ლოკალურ დონეზე.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „სოფლიდან გაუსვლელად“ 2014 წლის 1 ივნისს დაიწყო.  მისი მიზანია მიაწოდოს მოსახლეობას   ინფორმაცია მათსავე რეგიონში გამოცხადებული აუქციონების შესახებ. პროექტის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრები  მოსახლეობა, მათ შორის, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები. 

სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტი მთელი ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს
დრო: 2015-01-08 00:00:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიან პროექტს იწყებს. ინვენტარიზაციის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით 8 იანვარს 11 საათზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზენტაცია გამართა და ასევე სააგენტოს გასული წლის მუშაობა შეაჯამა.

ინვენტარიზაციის პროექტის მიზანია სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით. წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების გარკვეული ნაწილი აღურიცხავი რჩებოდა. ინვენტარიზაციის შედეგად კი შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების ზუსტი რაოდენობის დადგენა და გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაჩქარდება და კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება პრივატიზების პროცესები, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

სააგენტომ სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტი 2013 წლის მარტიდან დაიწყო. აღიწერა თბილისის 15 რაიონი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი. შედეგად თბილისში გამოვლინდა 625, ხოლო გარდაბანში - 122 აღურიცხავი სახელმწიფო ობიექტი (აღმოჩენილი ობიექტების საერთო ფართობი დაახლოებით - 5,5 მლნ კვ.მ.). აღნიშნული ქონების პრივატიზებიდან შემოსავალმა კი გასულ წელს 3 მილიონი ლარი შეადგინა.

ინვენტარიზაციის მასშტაბური პროექტი ითვალისწინებს სააგენტოს სამხარეო ცენტრებში 14, ხოლო თბილისის ტერიტორიაზე 3 ორკაციანი მობილური ჯგუფის ჩამოყალიბებას. ჯგუფები აღჭურვილნი იქნებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და ინვენტარიზაციისთვის საჭირო გეოლოგიური, გეოფიზიკური ხელსაწყოებით. სწორედ აღნიშნული მობილური ჯგუფებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით სააგენტომ წელს დამატებით შეისყიდა 6 Toyota-სა და 10 Suzuki-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება და ასაზომი ინვენტარი (ლაზერული მანძილსაზომები, ელექტრო ტაქომეტრები, საველე კონტროლერები) საერთო ღირებულებით 1,014,847 ლარი. გასულ წელს მობილური ჯგუფების აღჭურვისათვის სააგენტოს მიერ დაიხარჯა 522,531 ლარი 6 რენოს მარკის ავტომობილისა და ასაზომი ინვენტარის შესაძენად.

პროექტის ფარგლებში დასაქმებული 16-ს გარდა, შეირჩევა და გადამზადდება დამატებით 32 ახალი შტატგარეშე თანამშრომელი, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ ინვენტარიზაციის პროცესს და აზომვით სამუშაოებს. 

იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ
დრო: 2015-01-06 00:00:00

საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შუამდგომლობით 646 დევნილ ოჯახს (2500-ზე მეტი დევნილი) საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადასცა.

დევნილებს საცხოვრებელი ფართები თბილისში, კასპში, წყალტუბოში, ბათუმში, ხონსა და საქართველოს სხვა რეგიონებში დაუკანონდათ. გადაცემული უძრავი ქონება ჯამში დაახლოებით 35 000 კვ.მეტრს შეადგენს.

სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ივნისშიც გადასცა ქონება და 262 ადამიანი დააკმაყოფილა საცხოვრებელი ფართით. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სამინისტროებთან ერთად ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

 

ქველმოქმედება სააგენტოს მომსახურების ცენტრისგან
დრო: 2014-12-24 00:12:00

სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ და უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. მომსახურების ცენტრის უფროსმა და ამავე ცენტრის თანამშრომლებმა ქ. ფოთში მცხოვრებ შოთა ქოიავას და ლუიზა ჩხეტიას, ასევე ოზურგეთში, სოფ. ნატანებში - ბაცია ბირკაძის ოჯახს კვების პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.