„პრაიმტაიმის“ პრეს-კლუბში, სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციამ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიიწვია. პრესკონფერენციაზე ასოციაციის თავმჯდომარემ მაია ასაკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გაწეული თანადგომისათვის.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციას 10 წლის ვადით უსასყიდლოდ გადასცა თემქაზე, ირემაშვილის ქუჩაზე, მდებარე ყოფილი სკოლა-პანსიონატის შენობა. შენობაში მრავალპროფილიანი ცენტრი განთავსდება, სადაც შშმ პირები სხვადასხვა პროფესიას დაეუფლებიან, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას. ცენტრი მოემსახურება 18 წლამდე და 60 წლის ასაკის ზემოთ ბენეფიციარებს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკატერინე სისაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2013 წლიდან ფუნქციონირებს კომისია, რომლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, და აღნიშნული კონტინგენტისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემა. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მომავალშიც მზად არის, ხელი შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციებს მსგავსი პროექტების განხორციელებაში“.
ცენტრი 2015 წლიდან ამოქმედდება. მის გარემონტებას ასოციაცია დონორი ორგანიზაციების დახმარებით უზრუნველყოფს. ხოლო სწავლებას სახელმწიფო დააფინანსებს.
